პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ ივნისს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ბრალდებულმა ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შემდეგაც საკანცელარიო დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ” და „კ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.