კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

        კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც “კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დავით ნარმანიამ კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და მხარის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს. საუბარი შეეხო საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად 2014 წელსაც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია რჩება. ამისათვის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, რეგიონში 26 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. გაგრძელდება წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის, ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზების რეაბილიტაცია. დაიწყება თუშეთის გზის უსაფრთხოების ღონისძიებები, აგრეთვე, ფშაველი-აბანო-ომალოს, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, ახმეტა-თელავი ბაკურციხისა და სხვა საავტომობილო მონაკვეთების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წყალმომარაგების საკითხების მოგვარებას, რომლისთვისაც 19 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მიმდინარე წელს მოხდება თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, თელავი-კურდღელაურისა და წნორის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ხოლო ადმინისტრირებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გასწევს. 2014 წელს ჩატარდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის შესართავთან, მდინარე კაპარჩაის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები. ნაპირგამაგრება მოხდება, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდინარე მღვრიეხევზე. გამაგრდება, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში მდინარე ჭვარტლისხეევის სანაპირო ზოლიც. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება, აგრეთვე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორი-ბოდბისხევის მონაკვეთზე. 2014 წელსვე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საგარეჯოსა და თელავის ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი. აგრეთვე, ექსპლუატაციაში შევა გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს ნაგავსაყრელები. დაგეგმილია ამ ნაგავსაყრელების პოლიგონების შემოღობვაც. გარდა ამ სამუშაოებისა, დაგეგმილია კახეთის კულტურული მემკვიდრეობის ზონის რეაბილიტაცია და ტურისტული ზონის მოწყობაც. აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები. სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა 85 პროექტი, რომელიც 2014 წელს კახეთში განხორციელდება. მთლიანობაში, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში 95
მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 17,5 მილიონ ლარს მიიღებენ, რომლითაც 85 პროექტს განახორციელებენ. ჯამში, კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები