პეტრე მამრაძე: შენობაში კატა მართლაც იყო, მაგრამ ის ედუარდ შევარდნაძის მდივანს ჰყავდა

ექპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის კანცელარიის უფროსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც „კვირას“ პეტრე მამრაძემ განუცხადა, 2003 წელს კანცელარიის შენობაში კატა მართლაც იყო, თუმცა შინაური ცხოველი ედუარდ შევარდნაძის კი არა, არამედ შევარდნაძის პირადი მდივნის ცისანა ჩიხლაძის იყო.
მისი თქმით, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შენობის რემონტისთვის განკუთვნილი თანხები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის გადაერიცხათ.
„შენობაში თაგვები და ვირთხები ნამდვილად არ ყოფილა. კატა იყო, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პირადი მდივნის ცისანა ჩიხლაძეს ჰყავდა. ეს ევროპაშიც მიღებულია და ამაში სამარცხვინო არაფერია. ეს კატა კი სანეპიდსადგურის მოვალეობას სულაც არ ასრულებდა. რაც შეეხება შენობას, კედლებს მიწისძვრის შედეგად ბზარები მართლაც აჩნდა, თუმცა ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიული უარი თქვა რემონტზე, რომ თანხები არ დახარჯულიყო. მაშინ მისი მოთხოვნა იყო, ის თანხები, რაც რემონტს დასჭირდებოდა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაერიცხათ. კიდევ ვიმეორებ, შენობას ბზარები ჰქონდა, მაგრამ ანტისანიტარია არ ყოფილა“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა 2003 წლის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას შეადარა.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 2003 წელს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, შენობაში თაგვები, ვირთხები და კატა დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები