გერმანიაში სატირულ კარნავალებზე საქართველოს ოკუპაციის თემა ასახეს და პუტინს დასცინეს
დიუსელდორფსა და კიოლნში გამართულ საკარნავალო მსვლელობებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გერმანული ქალაქების ქუჩებში სატირულმა ოთხთვალებმა ჩაიარეს, რომელთაც ჯიჰადისტებს, „Charlie Hebdo“-ზე თავდამსხმელ ტერორისტებს და ვლადიმერ პუტინს დასცინეს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „dw.de“ იუწყება.
მთავარი საკარნავალო მსვლელობები 16 თებერვალს ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ქალაქებში გაიმართა.
დიუსელდორფში კარნავალის მონაწილეებმა ისლამისტ-ფანატიკოსებს დასცინეს, სადაც ერთ-ერთ ოთხთვალაზე გამოსახულ სატირულ სცენაში თავმოჭრილი ჟურნალისტი ხმლით შეიარაღებულ ისლამისტს გაურბოდა , ხოლო წარწერა იუწყებოდა „ სატირის მოკვლა შეუძლებელია!“.
საკარნავალო მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტის აგრესიულ პოლიტიკა საკმაოდ პოპულარული თემა გახლდათ. დიუსელდორფში პუტინი კულტურისტის სახით გამოსახეს, რომლის ერთი ბიცეფსი წარწერით „ეკონომიკა“ ძალზე სუსტი, ხოლო მეორე წარწერით „არმია“ არაპროპორციულად გაბერილი გახლდათ.
საინტერესოა, რომ კიოლნის კარნავალზე საქართველოში რუსული აგრესიის თემასაც შეეხენ. კიოლნის კარნავალის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად რობოტი-ტანკის სახით პუტინის გამოსახულება იქცა, რომელიც ჩეჩნეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში გადაადგილდება.