ცენტრალური აფრიკის ქვეყნები „ბოკო ჰარამთან“ საბრძოლველად 87 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფენ
კამერუნში ცენტრალური აფრიკის 10 ქვეყნის ლიდერმა სასწრაფო სამიტი გამართა, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამთან“ ბრძოლის ერთობლივ დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაბონის ლიდერის ალი ბონგოს განცხადებით, პრეზიდენტები რადიკალურ დაჯგუფებასთან ბრძოლისთვის 86,72 მილიონი აშშ დოლარის მქონე ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.
სამიტში მონაწილეობას ანგოლის, ბურუნდის, კამერუნის, კონგოს რესპუბლიკის, სან-ტომე და პრინსიპის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, გაბონის, ეკვატორული გვინეის, ჩადის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები იღებდნენ.
აქამდე „ბოკო ჰარამთან“ მეტ-ნაკლებად აქტიურ ბრძოლას მხოლოდ ნიგერიისა და ნიგერის ხელისუფლება აწარმოებდა.