ვინ ცდილობს ქართული ჯარის პოლიტიზირებას – რა მოიტყუა გივი თარგამაძემ და რა ავიწყდება ირაკლი ალასანიას?

 ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და ამბობს, რომ  უწყებაში დასაქმებულ პირებს  პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, რაც შეიარაღებული ძალების დემორალიზებას იწვევს. რამდენად რეალურია ეს
fffბრალდება და პირიქით, არის თუ არა, ბოლო დროს, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ისე გივი თარგამაძის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები პოლიტიკური შინაარსის?  რატომ დაემთხვა ერთმანეთს დროში და შინაარსით  ალასანია-თარგამაძის ბრალდებები უწყების ახალი ხელმძღვანელების მიმართ?  იყო, თუ არა სიცრუე ინფორმაცია, რაც  გივი თარგამაძემ გააჟღერა?  მაინც ვინ არიან ის გათავისუფლებული პირები, რომლებიც გივი თარგამაძემ „რუსთავი-2“-ს ეთერში  დაასახელა? „კვირას“ ინფორმაციით,  მათი უმეტესობა, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროდან თავად „ნაციონალებმა“ გაუშვეს, მოგვიანებით კი, ირაკლი ალასანიამ აღადგინა უწყებაში. უფრო კონკრეტულად:

971975434mpprezentacia3ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე –  ის რექტორის პოზიციაზე 2013 წელს დაინიშნა.  უმაღლესი სამხედრო განათლება  აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში მიიღო, 2005-06 წლებში კი,  აშშ-ის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სწავლობდა. აშშ-სა და საბერძნეთში გაიარა ქვეით ოფიცერთა ძირითადი, რეინჯერთა წვრთნისა და სამშვიდობო ოპერაციების კურსები.

1998-2009 წლებში ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სხვადასხვა დროს  საჩხერის ბატალიონის, მე-5 ქვეითი ბრიგადის სახმელეთო ძალებს მეთაურობდა. 2007 წელს კი  ერაყში, კოალიციური ძალების შტაბ-ბინაში საქართველოს წარმომადგენელი იყო.

„კვირას“ ინფორმაციით, აგლაძე შეიარაღებული ძალებიდან 2009  წელს,  სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაათავისუფლეს.  ის ერთ-ერთ კერძო კომპანიაში დასაქმდა და უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.  აგლაძე თავდაცვის უწყებაში მოგვიანებით ირაკლი ალასანიამ აღადგინა. საინტერესოა, თუკი ასეთი  ღირებული კადრი იყო, რატომ გაუშვა ბაჩო ახალაიამ ის უწყებიდან და დღეს რატომ   „გაახსენდა“ მისი პროფესიონალიზმი  გივი თარგამაძეს?

arsen cuxishviliკიდევ ერთი პირი, რომლის „უკანონო გათავისუფლების“ შესახებ გივი თარგამაძემ ისაუბრა,  სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი არსენ ცუხიშვილია.

 ცუხიშვილი წლების მანძილზე ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის თანაშემწე იყო. 2009-2013 წლებში მას გენშტაბის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. თუმცა, „კვირას“ ინფორმაციით, ცუხიშვილი თანამდებობიდან ალასანიას მინისტრობის პერიოდში, სამხედრო პოლიციის უფროსად ჩამოაქვეითეს, მოგვიანებით, 2014 წლის სექტემბერში კი,  გენშტაბის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლად დაინიშნა.

„რუსთავი-2“ ს ეთერში თარგამაძემ იმ პირების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც  მინდია ჯანელიძემ მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ უწყებაში  „ახლობლობით“ მოიყვანა.

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი პირები, რომლებზეც ჯერ კიდევ ჩვენს პერიოდში ვსაუბრობდით, რომ მათი დანიშვნა  უსაფრთხოების თვალსაზრისით  რისკ-ფაქტორებს შეიცავს. მაგრამ,  ამის მიუხედავად,  გენშტაბის ოპერატიული დაგეგმვის  შტაბის  უფროსად გიორგი სურმავა დაინიშნა, ასევე – გიორგი სადუნიშვილი, რომელიც დასავლეთის მიმართულების სარდალია, თემურ ზავრაშვილი – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ეს ძალიან საკვანძო თანამდებობებია“, – განაცხადა თარგამაძემ.

თუმცა, „კვირას“ ინფორმაციით, სურმავაც და სადუნიშვილიც აღნიშნულ პოზიციებზე ჯერ კიდევ ალასანიას პერიოდში დაინიშნენ.  უფრო მეტიც, სურმავასთვის გენერლის წოდების მინიჭება სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივა იყო. 

irakli gegechkoriგამოდის, რომ თარგამაძე საზოგადოების წინაშე ტყუილს ტირაჟირებს.  ალასანია კი ზოგადი, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებით იფარგლება. მისი ბრალდებები თავდაცვის უწყების ახლანდელი ხელმძღვანელის მიმართ კონკრეტიკას და  ფაქტებს არ შეიცავს. ალასანიას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული გვარი, თუ ვინ მიიყვანა თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა უწყებაში ნათესაური, ან მეგობრული ნიშნით.  უფრო მეტიც, დღეს  მას რატომღაც „დაავიწყდა“, რომ ეროვნული უშიშროების აკადემიის უფროსის პოსტზე აგლაძე სწორედ ალასანიას ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი გეგეჭკორმა ჩაანაცვლა.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გივი თარგამაძის დღევანდელი პოზიციის გამო გაკვირვებას ვერ მალავს.  ის აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს,  ყველა მინისტრის მოსვლას უწყებიდან პროფესიონალი კადრების ხელაღებით, დაუსაბუთებლად  გათავისუფლება მოჰყვებოდა:

timthumb„ნებისმიერი საკადრო ცვლილების დროს, მითუმეტეს, როცა საქმე მაღალჩინოსან სამხედროს პირებს ეხებათ, ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული – რა განათლება აქვს, როგორია მისი განვლილი კარიერა. მიმაჩნია, რომ შეიარაღებულ ძალებში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანებს მოფრთხილება სჭირდებათ. გამოყენებული უნდა იქნას მათი გამოცდილება. პოლიტიკური ნიშნით საკადრო პოლიტიკის განხორციელება, ზოგადად, ძალიან ცუდი მიდგომაა. ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გავიხსენო ის,  რასაც ცხრა წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.

ეს 2004  წელს ეხება, როდესაც ერთ წელიწადში თავდაცვის 4 მინისტრი შეიცვალა. მაშინ  რაც გაკეთდა, მე მგონი, დანაშაულიც იყო – არაერთი პროფესიონალი კადრი  პირდაპირ გაყარეს შეიარაღებული ძალებიდან, ყოველი ახალი მინისტრის მოსვლის პარალელურად, მიმდინარეობდა წმენდა. იგივე შეიძლება ითქვას ახალაიას პერიოდზე, როცა 2009 წელს, ომის შემდგომ,  200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი ერთი ხელის მოსმით გაუშვეს ისე, რომ ინდივიდუალურ მიდგომაზე საუბარი არც ყოფილა – ამის დავიწყება არ შეიძლება.
საქართველოს თავდაცვის მე-16  მინისტრი ჰყავს, აქედან დაახლოებით ნახევარი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაინიშნა. სწორედ მაშინ, ერთი მინისტრი რომ მიდიოდა და მეორე მოდიოდა,  დაწყებული დამლაგებლიდან და  მძღოლიდან, ყველას ცვლიდნენ. მაშინ რატომ არ ისმებოდა ეს საკითხი მათი მხრიდან? მაშინ ადამიანებს, რომლებმაც 20 წელი იმსახურეს ჯარში და ერთი-ორი თვე ჰქონდათ დარჩენილი პენსიაზე გასასვლელად, ერთი თვით ადრე ყრიდდნენ სამსახურებიდან!  ნუთუ,  ეს არ იყო დანაშაული? ამ ფონზე ისინი აცხადებდნენ, რომ შეიარაღებულ ძალებში სწორი საკადრო პოლიტიკა მიმდინარეობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  სამხედროების გარკვეული ნაწილი დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ყველა – არა.  ბევრი სამხედრო გაუშვეს, ან ჩამოაქვეითეს  როგორც ომამდე,  ისე ომის შემდგომ პერიოდში.

თუ დღეს ხდება პოლიტიკური ნიშნით გაშვების ფაქტები, ყველაზე კარგი ვარიანტია – სასამართლოს მიმართოს იმ ადამიანმა, რომელიც თვლის, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს და ასე შეეცადოს თავისი სიმართლის დამტკიცებას. თუ გაიმარჯვა,  აღადგენენ სამსახურში – ამისი  არაერთი პრეცედენტი ყოფილა.

არ შემიძლია, არ შევეხო აგლაძის აკადემიის რექტორის პოსტიდან გათავისუფლების და მისი შემცვლელის თემას: ეს პიროვნება, ირაკლი გეგეჭკორი ალასანიას მოადგილის პოსტს იკავებდა.  ახლა ალასანია აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას და, ამ ფონზე, აკადემიის რექტორად ინიშნება მისი პირველი მოადგილე. მისი  ყოფილი მოადგილის დანიშვნა რექტორის პოსტზე გულისხმობს იმას, რომ ის არ დაჩაგრულა პოლიტიკური ნიშნით.  თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირაკლი გეგეჭკორი მანამდე საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა და თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელ ხელძღვანელობას იცნობდა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად მისი დანიშვნა არა მგონია, პრობლემას წარმოადგენდეს. აკადემიის რექტორობა სულაც არ ნიშნავს, რომ იყო სამხედრო. უნდა იყო კარგი მენეჯერი, შეგეძლოს მართვა. ირაკლი გეგეჭკორი არის ადამიანი, რომელსაც ნამუშევარი აქვს დაზვერვის კუთხით – ესე იგი, მას აქვს ანალიტიკური, ასევე ორგანიზების უნარი. მით უმეტეს, მას მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. არ მიმაჩნია, რომ დღეს ჯარის პოლიტიზება ხდება, ჯარი არ აჰყვება არავითარ პროვოკაციას, შეიარაღებული ძალები დეპოლიტიზებულია.

როდესაც ირაკლი ალასანია დაინიშნა უწყების ხელმძღვანელად, მან ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა და საკმაოდ ბევრიც გააკეთა. არმია გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან. ეს პროცესი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, რომ შემდგომ პრობლემები არ გაჩნდეს. მე მგონია, რომ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელძღვანელობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და იმუშავებს, რომ არ დაუშვას პოლიტიკური ზეწოლა შეიარაღებულ ძალებში“, – განაცხადა „კვირასთან“ ალადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ბრალდებებს მინდია ჯანელიძემაც უპასუხა. რამდენიმე დღის წინ მან ისაუბრა იმ  კამპანიაზე, რომელიც, მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

janelid“ჯარი დეპოლიტიზებულია და მისი პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არის ნაბიჯი უკან ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში. სავარაუდოდ, ამ ძალებს აშფოთებთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში – მიმდინარეობს მხოლოდ ოპტიმიზაციის პროცესები, მათ შორის ორგანიზაციული და საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით. შესაბამისად, ამ ძალებს მინდა ვურჩიო, რომ მათ მღელვარების საფუძველი ნამდვილად არა აქვთ. თუ რაიმე საკითხია, ჩვენ ღია ვართ მათთვის. შეგვიძლია „მრგვალ მაგიდასთან“ დავსხდეთ, მოსაზრებები გავცვალოთ. ასეთ რეჟიმში თავდასხმები და მიზანმიმართული კამპანია ყოვლად მიუღებელია, პირველ რიგში, ჯარისთვის, აქ ჩემს დისკრედიტაციაზე არ არის საუბარი.

საკადრო ცვლილებების დროს სამინისტროში აქცენტი პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე კეთდება. ხშირ შემთხვევაში, შიდა საკადრო ცვლილებები ხორციელდება – ხდება კვალიფიციური კადრების დაწინაურება. სამინისტრო ცდილობს, რომ ჩანაცვლებული კადრებიც არ აღმოჩნდნენ უწყების გარეთ და აქვე მოიძებნოს მათთვის შესაფერისი პოზიცია. ჩვენ არ ვყოფთ კადრებს „ახლებად“ და „ძველებად“, ყველა ცვლილება ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ყოფილა ახალი კადრების დანიშვნის შემთხვევაც, თუმცა მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმია. როდესაც ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი კადრი არ არის კვალიფიკაციური და არ მოხდება მისი შეცვლა, ეს ნიშნავს, რომ იმ მიმართულებით წარმატება ვერ  მიიღწევა, რასაც სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ დაუშვებს.

„თუ კადრი  ეფექტური იქნება, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ თუ ის ეფექტური ვერ იქნება და ვერ გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ პირები, რომელთა გათავისუფლების შესახებ  განცხადებები გავრცელდა, ამ დრომდე კადრების განკარგულებაში იმყოფებიან, რაც  ამ ეტაპზე სამსახურიდან გაშვებას არ გულისხმობს.
„კვირა“ შეეცდება, ოფიციალური ინფორმაცია მოიპოვოს იმ დანარჩენი პირების შესახებაც, რომლებიც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მათ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სამსახურებრივი და  ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსიათ, რაც მათ შესახებ დამატებითი ცნობების მოპოვების შესაძლებლობას არ გვაძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები