„სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ -წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

14 თებერვალს, 15:00 საათზე სტალინის მუზეუმში „რადარამი“ ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ თარგმანის პრეზენტაციას გამართავს.
მომხსენებლები არიან: რადარამის წარმომადგენელი მარიამ ადუაშვილი და ისტორიის დოქტორანტი ნუკრი შოშიაშვილი.
ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელორუსიის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.
თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს, ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ. წიგნი ძალიან ჰუმანური და, ამავდროულად, სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს.
„რადარამი“ ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.
„ჩვენი სურვილია შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას.“
წიგნი გამოიცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით. სტუმრებს წიგნები გადაეცემათ საჩუქრად. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები