პირველი გრაფიკული რომანის – „პერსეპოლისის“ წარდგინება გაიმართება

12 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანის, „პერსეპოლისის“ პრეზენტაციას გამართავს. გამოცემას მთარგმნელი მიხეილ ციხელაშვილი და მოწვეული სტუმარი – ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე წარადგენენ.
ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი „პერსეპოლისში“ ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით გვიამბობს საკუთარ ცხოვრებაზე და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანში და ევროპაში.
მარჯანის ბავშვობა ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, შაჰის ჩამოგდებას, ისლამისტურ რევოლუციასა და ერაყთან ომს ემთხვევა. იგი თავისი ოჯახის ყოველდღიურობის მაგალითზე გვიჩვენებს იმ უფსკრულს, რომელიც ირანის განათლებულ საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს შორის გაჩნდა. გოგონას ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბად აისახა ისლამისტური რეპრესიები, ომი, რელიგიური პოლიციის ტერორი, რამაც მის მშობლებს შვილის ვენაში გაგზავნა გადააწყვეტინა, თუმცა, ევროპულ კულტურასთან ორგანულად შერწყმის ამაო ცდამ და მარცხმა გოგონა სამშობლოში დააბრუნა.
„პერსეპოლისმა“ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მკითხველის სიყვარული. ის 30-მდე ენაზე ითარგმნა. 2007 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები