სოფო ჯაჯანაშვილზე თავდასხმის ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს
თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელზე – სოფო ჯაჯანაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ. „საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს განაგრძობს და ვიზიტი ხვალაც გაგრძელდება.
ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტია საქართველოსთვის. სოფო მუშაობს და პრეზიდენტს თან ახლავს. ის ემსახურება ჟურნალისტებს. იყო რაღაც მცირედი ინციდენტი. თურქეთის პრეზიდენტის მისაღებში მყოფი განერვიულებული ქალბატონი ფიზიკურად შეეხო სოფოს. ვფიქრობ, იმ ქალბატონისთვის სულ ერთი იყო, ვის შეეხებოდა, ის ძალიან აგრესიული იყო და ანგარიშს არ უწევდა“, – განუცხადა „კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა შალვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. სოფო ჯაჯანაშვილი თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს ახლავს. დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.
ინფორმაცია და სოფო ჯაჯანაშვილზე თავდასხმის ამსახველი ფოტოები თურქულმა მედიამ გაავრცელა. როგორც თურქული მედია იუწყება, ქალი, რომელმაც სოფო ჯაჯანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თურქეთის პრეზიდენტის სასახლის მოსაცდელ დარბაზში იმყოფებოდა. უცნობი ქალბატონი თურქეთის პრეზიდენტთან – აბდულა გიულისთან თხოვნის გადასაცემად იყო მისული. ამასთან, თურქული მედიის ცნობით, ქალბატონს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.