„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები და შეფასებები – რას გულისხმობს ევროკავშირის დირექტივა?
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 63 ხმით 30-ის წინააღმდეგ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებით, მაუწყებელს შეუძლია, საათში მხოლოდ 20% – 12 წუთი დაუთმოს რეკლამას.
დღეს მოქმედი კანონით, მაუწყებელს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% შეუძლიათ გამოიყენონ რეკლამისთვის და ეს დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილონ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში მაუწყებელთა მხრიდან, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და ასახულია.
კერძოდ: პროექტიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს კომერციული რეკლამისთვის დაწესებულ 20%-იან შეზღუდვას მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით. ტყემალაძის თქმით, 20%-იანი შეზღუდვა გამოყენებულ იქნება ყოველ საათში. მისივე განმარტებით, სპონსორობის შესახებ დაწესებული ახალი ლიმიტი ძალაში 2016 წლის 15 იანვრიდან შევა; პროექტიდან ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით, ანონსებში სპონსორობაზე მითითება იკრძალება; ნორმა, რომელიც პროგრამებსა და ანონსებში სპონსორობისას საათში 5%-იან ლიმიტს ადგენს, ძალას 2016 წლის 15 იანვარს დაკარგავს; 2017 წლის 15 იანვრიდან ახალი ამბების “ჭრა” განხორციელდება 30 წუთში ერთხელ, გარდამავალ პერიოდში კი დასაშვები იქნება სარეკლამო “ჭრა” 15 წუთში ერთხელ.
ტყემალაძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ჰქონდა, ერთადერთი მხოლოდ ის შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც საათში 20%-იანი სარეკლამო ლიმიტის ამოქმედების 2016 წლისთვის გადავადებას ეხებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია 2015 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა ცხარე დებატებისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ტელეკომპანიებს და ბიზნესის გარკვეულ სეგმენტს ზიანს მიაყენებს.
კანონპროექტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმართულს უწოდებენ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ოპონენტების მხრიდან აღნიშნულ კანონზე გამოთქმულ კრიტიკას კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად“ აფასებენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპონენტების მიერ წამოყენებული ბრალდებები, კანონპროექტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ბიზნესის ხელშეშლაზე.
მისი თქმით, კანონში ცვლილებებს ევროსტანდარტები ითხოვს.
“ევროსტანდარტი გვთხოვს, რეგულაცია დავაწესოთ რეკლამაზე, რომელიც კონცენტრირებული უნდა იყოს არა ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეხედულებით, არამედ გარკვეული პირობით, როდესაც არ ზიანდება მაყურებლის ინტერესი, ესაა მთავარი. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს არსებობს ერთი ტელევიზია, რომელიც გარშემორტყმულია მტრული ძალებით და ცდილობენ, როგორმე შეარყიონ და ბიზნესი წაართვან. თითქოს არ იყოს ყველაზე მდიდარი, წარმატებული და განვრცობადი და ამ ჩაგვრის პირობებში უხდებათ საცოდავებს მოღვაწეობა. აქ ითქვა – უბედურება იყო 2012 წლის ოქტომბერშიო, სულ გაიწყვიტა შუბლზე ძარღვი ადამიანმა და თქვა, და ის ყველაფერი, რაც ხდებოდა – მედიის დატერორება, ადამიანების დატერორება, სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა, ეს არაფერი არ არსებობდა და სწორედ ახლა გვაქვს ამ ვითარებასთან საქმე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამასთან, ოპოზიციის მიერ ვადებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროდირექტივები უნდა შეასრულოს, რომლისკენაც ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს – 2011 წელს დაიწყო.
„მაუწყებლობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებულ საკითხს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლებმა წარმოადგინეს, ევროდირექტივის მოთხოვნებს აცდენილია და ზიანს მხოლოდ ტელეკომპანიას მიაყენებს.
გვარამიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემელაძემ უპასუხა. მისი შეფასებით, “რუსთავი2“ -ის მოუწესრიგებელი ბაზარი რეკლამის შესახებ კანონს არღვევს.
ტყემალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის შენიშვნას ვადების გადაწევასთან დაკავშირებით პარლამენტი არ განიხილავს.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ. დეპუტატმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. ის დღეს აცხადებს, რომ ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციები აუცილებელია. თუმცა ეტაპობრივი და თანამიმდევრული უნდა იყოს. კორძაია არ მიესალმება კანონპროექტის სწრაფ რეჟიმში განხილვას და ამოქმედებას.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა თინა ხიდაშელმაც. დეპუტატი ფიქრობს, რომ კანონის პროექტი არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული.
“კანონი არ არის იმ ტიპის აქტი, რომლითაც ყველა კმაყოფილი ან ბედნიერი იქნება. ”რუსთავი 2-ს,” როგორც გაირკვა, ერთი პრეტენზია დარჩა, სხვა ყველა დანარჩენით კმაყოფილია. კომიტეტი ამ აზრზეა და არა მგონია, რომ ამ კანონის მიღებას რამემ ხელი შეუშალოს. თუმცა კვირანახევარია წინ და ყველას შეუძლია ეს დრო ძალიან პროდუქტიულად გამოიყენოს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რამდენად საფუძლიანია საპარლამენტო უმცირესობის მიერ წამოყენებული ბრალდებები, კანონპროექტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ბიზნესის ხელშეშლაზე საუბრისას; განაპირობებს თუ არა ახალი რეგულაციების ამოქმედება ბაზარზე მაუწყებლების თანაბარ პირობებში ჩაყენებას; როგორ შეიძლება აისახოს მომხმარებელზე აღნიშნული ცვლილება – “კვირასთან“ ამ და თემის ირგვლივ არსებული სხვა აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საუბრობენ.
არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ “მაუწყებლობის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები საეთერო სივრცეში სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარებას დაარეგულირებს და ტელეკომპანიებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში “რუსთავი 2“ განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც დღემდე გრძელდება.
გამზარდიას განცხადებით, დღეს კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ყველაზე აქტიურად სწორედ “რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს მოქმედი კანონით აღნიშნული ტელეკომპანია ყველაზე მომგებიან პოზიციაში იყო.
“მივესალმები შემუშავებულ ცვლილებებს, ვფიქრობ, აუცილებელია ევროდირექტივების გათვალისწინება და ამ სფეროში ევროპული პრაქტიკის დანერგვა. ჩვენ – ყველამ ვიცით, რომ “რუსთავი 2“-თან შედარებით სხვა ტელევიზიები არათანაბარ ვითარებაში იმყოფებიან, ამ ცვლილებებით სხვა მაუწყებლები თანაბარ პირობებში ჩადგებიან. საუბარი იყო ბიზნესის ხელშეშლაზე, არ ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორი დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.ზოგიერთი ბიზნესკომპანია ერთ სარეკლამო ჭრაში საკუთარ რეკლამას რამდენჯერმე ატრიალებს, სარეკლამო დროის შემცირების შემთხვევაში კი, თუ ისინი ერთხელ გაუშვენებ რეკლამას, მაყურებელში მათი პროდუქტის აღქმადობა გაიზრდება. საერთო ჯამში, ეს სტანდარტი გულისხმობს სამივე მხარის: ტელეკომპანიების, ორგანიზაციებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვას“, -აცხადებს არჩილ გამზარდია.
გამზარდია ტელემაყურებლების უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას.
“მაყურებლისთვის უპირატესი ტელეპროდუქტია, და არა სარეკლამო რგოლები, ამიტომ ამ ცვლილებებით მათი უფლებები გაცილებით მეტად იქნება დაცული“, – აღნიშნავს გამზარდია.
რაც შეეხება ვადებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას, გამზარდია ფიქრობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების ვადებმა არ უნდა გადაიწიოს.
ბოლო დღეებში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამოთქმულ კრიტიკაზე ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები არცერთი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
აბაშიძე განმარტავს, რომ სარეკლამო ბაზრის ახლებური რეგულაციებით მოწესრიგება ევროკავშირის დირექტივას უკავშირდება.
„არც არსებულ კანონმდებლობაში და არც პრაქტიკაში არ არის განსაზღვრული და გამიჯნული, რა არის: რეკლამა, სპონსორობა, ტელეშოპინგი, პროდუქტის განთავსება და ასე შემდეგ, მაშინ როცა ყველა ეს კომპონენტი გამიჯნული უნდა იყოს. ამ კანონპროექტით იმიჯნება ყველა ეს კომპონენტი“, -აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები და ახალი დეფინიციები უკეთესად დაარეგულირებს სამაუწყებლო ეთერში სარეკლამო ჭრების განთავსების ოდენობას. მისი თქმით, ცვლილებებით მსხვილმა ტელეკომპანიებმა შესაძლოა, რაოდენობრივად 3-დან 5 პროცენტამდე რეკლამა დაკარგონ, თუმცა, როგორც აბაშიძე აცხადებს, ამ ფონზე შესაძლებელია ე.წ პრაიმტაიმის მონაკვეთში რეკლამებზე ფასების გაზრდა, რითიც დაბალანსება გახდება შესაძლებელი. მისი თქმით, ამისთვის ე.წ. პრაიმტაიმის პერიოდში რეკლამების საფასურის 50, ან თუნდაც 30% -იანი ზრდის საჭიროება არ დადგება.
ამასთან, როგორ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ცვლილებები, რომელიც კანონის ძალაში შესვლიდან პირველი წელიწადის განმავლობაში იმოქმედებს, არსებული მოცემულობისგან ძალიან არ განსხვავდება. შესაბამისად, ე.წ. პრაიმტაიმის მონაკვეთში რეკლამებზე ფასების ზრდა დრამატულ შედეგებს არ მოიტანს.
“კანონში დაგეგმილი ცვლილებები არცერთი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ევროპელებს ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, მათ ეს გამოცდილებები ასახეს ევროდირექტივაში პუნქტების სახით. ევროდირექტივაში არის კიდევ პუნქტები, რომლებიც მომავალში ეტაპობრივად ჩვენს კანონმდებლობაში უნდა აისახოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეს ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროსტანდარტებს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ აბაშიძემ.
მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გასული წლის დეკემბერში, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელ ნიკა გვარამიასა და დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პროექტის განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მაშინ დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს მოჰყვა.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე კომენტარი დღეს “კვირასთან“ გია ჟორჟოლიანმაც გააკეთა. მისი თქმით, რეგულაციები, რომელიც კანონში შესატანი ცვლილებებით უნდა გავრცელდეს, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს.
“ტელევიზია არ არის დუქანი ან რესტორანი. ტელევიზიას აქვს საზოგადოებაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები, შესაბამისად, მას პასუხისმგებლობაც მეტი ეკისრება, ვიდრე სხვა სახის ბიზნესს. რეგულაცია არ არის თავისუფლების მტერი, პირქით, ცვლილებები, რომელთა შეტანასაც ჩვენ კანონში ვგეგმავთ, ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და საკამოდ ეფექტურია“, – განუცხადა “კვირას“ გია ჟორჟოლიანმა.