ვერტიაკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას აფასებს – რა მსგავსებას ხედავს ექსპერტი აფხაზეთის ომისდროინდელ ვითარებასთან?

საქართველოს საზღვაო ძალების შტაბის ყოფილი უფროსი და საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ექსპერტი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში გოჩა ვერტიაკოვი კონფლიქტის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას და უკრაინის მოვლენებს ეხმიანება.
ექსპერტის შეფასებით, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა კარგად რომ შეისწავლონ უკრაინული სტრუქტურა, დაინახავენ იგივე ვითარებას, რაც საქართველოში იყო 1993 წელს, იმის განსხვავებით, რომ უკრაინას ბევრად უფრო ჩამოყალიბებული სამხედრო სტრუქტურები და, რაც მთავარია, კადრის ოფიცრები გააჩნია.
სამხედრო ექსპერტი შეფასებას პუნქტობრივად აყალიბებეს:
“1. სხვადასხვა სტრუქტურა (ეს რაც ღია წყაროებიდან ჩანს: თავდაცვის სამინისტრო, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული გვარდია და მოხალისეები) ცდილობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს და მათ მიერ წარმოებული თავდაცვითი თუ თავდასხმითი ოპერაციები არის ქაოსური და არაორგანიზებული;
2. არსებულ სტრუქტურებს შორის “პოლიტიკური კონკურენცია” კიევის პოლიტიკურ ასპარეზზე, რათა მიიღონ უფრო მეტი დაფინანსება;
3. კიევში, ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის მუდმივი დავა და ორივეს ერთად ზეწოლა სამხედრო პოლიტკურ ხელმძღვანელობაზე;
4. პოლიციური სტრუქტურებიის გაძლიერება (შეიარაღებული ძალების ხარჯზე) და მათი როლის გაზრდა კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე; მათ მიერ წარმოებლი ეგრეთ წოდებული “სხვანაირად მოაზროვნეების” ფილტრაცია, რომელიც იწვევს უკმაყოფილებას მშვიდობიან რუსულენოვან რეგიონებში და, შესაბამისად, სეპარატისტების მხარდაჭერასაც;
5. ერთიანი ოპერატიული ტაქტიკური მმართველობის არ არსებობა, ვინაიდან გაერთიანებული ანტი-ტერორისტული შტაბი არ წარმოადგენს სამხედრო ოპერატიული მართვის ცენტრს და, შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული მართვა უფრო ჰგავს პოლიციური ოპერაციის მართვის ორგანოს, რომელიც მოწოდებულია დააკავოს კრიმინალური დაჯგუფებები; სინამდვილეში კი მიმდინარეობს ფართომასშტაბიან შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის შეიარარებული ძალების ქვედანაყოფებთან.
6. უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების ამგვარი ქმედებები და პოზიცია, არის ნიშანი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიმართ ფარული უნდობლობისა!! რომელიც უფრო განპირობებულია სტერეოტიპის დოგმებზე – ძველი საბჭოთა ოფიცრების მიმართ ტოტალური უნდობლობა!! ასეთივე მიდგომა იყო საქართველოს მენშევიკური მთავრობის მმართველობის პერიოდში ყოფილი რუსეთის იმპერიის არმიის გენერლების მიმართაც, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდნენ, რათა გაეძლიერებინათ საქართველოს ახალგაზრდა სამხედრო ძალები და დაეცვათ საქართველო.
ყოველი ზემოდან გამომდინარე (ეს რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს და ზედმეტი ანალიტიკური კვლევის გარეშე), უკრაინის ხელისუფლება, მიუხედავად დასავლეთის უდიდესი მხარდაჭერისა, განიცდის სასტიკ მარცხს აღმოსავლეთ უკრაინაში! რომელიც ასევე გამოიწვევს შემდეგს:
1. უკრაინის დეცენტრალიზაციას და ფედერაციულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას;
2. დასავლეთის დისკრედიტაციას, რიგითი უკრანელი მოსახლეობის თვალში, ისევე როგორც (თითქმის) უკვე მოხდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში;
3. საქართველოში კონფედერაციული სახელწიფოს ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ქმედებებს; როგორც ქვეყნის შიგნით – ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედანაც;
4. NATO-ს სტრუქტურების რეფორმების დაწყებას, რომელიც, საერთო ჯამში, ევროპას უბიძგებს ჩამოაყალიბოს ევროპის შეიარაღებული ძალები!“- აღნიშნავს გოჩა ვერტიაკოვი.
სამხედრო ექსპერტი იმედოვნებს, რომ ქართველი ანალიტიკური ჯგუფები სწავლობენ გეოპოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებებს რეგიონში და შესაბამის პროგნოზებს აძლევენ საქართველოს ხელისუფლებასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები