მამუკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა – რას აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი
მთავარ პროკურატურაში ყოფილი მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა.
პროკურატურის შენობა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც გვარამიამ ჟუნრალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარი იყო, თუ რა მოტივით დაიბარეს ის მთავარ პროკურატურაში.
“კითხვები ეხებოდა იმ საქმეს, რა საქმეზეც გუშინ დამაკავეს, ახალი არაფერია… დღეს მე მოვისმინე რამდენიმე პოლიტიკური განცხადება ჩემთან დაკავშირებით და მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, ეს არის ჩემი და პროკურატურის სამართლებრივი დავა, აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. მე საქმე გამიყალბეს და ამას ბოლომდე მივიყვან“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა გვარამიამ.
ადვოკატ კახა ხვისტანის განცხადებით კი, დაკითხვის პროცესში, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთადერთი ახალი კითხვა დასვეს.
„გამომძიებლებმა ჰკითხეს, ადასტურებდა თუ არა ბატონი მამუკა გამოძიებისთვის უკვე მიცემულ ჩვენებას,”- განაცხადა კახა ხვისტანმა.
მამუკა გვარამიამ ადვოკატთან ერთად საგამოძიებო ორგანო და მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გვარამია სასამართლომ გუშინ 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ. მამუკა გვარამიას პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს.