ემზარ კვიციანი დღეს საქართველოში ბრუნდება
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი საქართველოში დღეს ბრუნდება,- ამის შესახებ კვიციანმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში თანადგომა სთხოვა. კვიციანის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველოს მტრები ქვეყანაში პროვოკაციის მოწყობას საქართველოს მოქალაქეების ხელითვე ცდილობენ. კვიციანი სამშობლოში გუშინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მან ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ საბაჟოდან უკან გააბრუნეს.
“ბილეთი ისევ ავიღე, ხვალ ისევ ამ დროს 16:00 საათზე წესით თბილისში უნდა ვიყო. ხვალ ჩაგეხუტებით, ჩემო მეგობრებო “,- აღნიშნავს კვიციანი. კვიციანი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად, მივიდნენ აეროპორტში. “ვისაც საშუალება და სურვილი გექნებათ, ძალიან დამავალებთ, თუ მობრძანდებით აეროპორტში! მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ! დანარჩენს ადგილზე მოგიყვებით! ღმერთს დიდება!“- წერს ემზარ კვიციანი.
ემზარ კვიციანის აეროპორტში დახვდება უფლებადამცველი გიორგი გაბედავა თანამოაზრეებთან ერთად. “ემზარ კვიციანი ჩამოდის ხვალ, 28 თებერვალს, 16 საათზე. საბუთების პრობლემა მოგვარებულია, ვიკრიბებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“,-აღნიშნავს გაბედავა.
რვაწლიანი ძებნის შემდეგ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი სამშობლოში დაბრუნდება. ქართველი სამართალდამცველები სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით ძებნილ ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავებენ. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.