თენგიზ ნასარიძემ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – „აფხაზეთის საშობაო სოფელი“ დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – „აფხაზეთის საშობაო სოფელი“ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრთან ერთად გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე იმყოფებოდნენ.
„გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი და სასურსათო პროდუქცია.
დევნილი მეწარმეების საახალწლო გამოფენა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
„აფხაზეთის საშობაო სოფლის“ მიზანია აფხაზეთთან დაკავშირებული ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენა, დევნილი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია და მოსახლეობისთვის საახალწლო გარემოს შექმნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.