ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დიასპორას შეხვდა

  “მე რამდენიმე წელი ვიცხოვრე სამშობლოსგან შორს, ევროპაში და ვიცი, რას ნიშნავს თითოეული სიტყვა, რომელიც საქართველოდან შენამდე აღწევს. მახსოვს კარგად, როგორ მახარებდა ჩემი ქვეყნის თითოეული წარმატება და როგორ განვიცდიდი მის ყოველ მარცხს. როცა შორს ხარ სამშობლოდან, მისი წარმატებაც და მარცხიც, ეს შენი ქვეყნის წარმატებაა და მარცხია, და არა რომელიმე ხელისუფლების“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ- იორკში შეკრებილ მოქალაქეებს ახალი ხელისუფლების ხედვები გააცნო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, სახელმწიფო პოლიტიკა გახდა ადამიანზე ორიენტირებული, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში მასშტაბური რეფორმები დაიწყო.
“ვეძებთ გზებს, რომ გამოვნახოთ სახსრები ჩვენი ახალგაზრდების საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გასაგზავნად. ჩვენ უნდა მივიღოთ თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი მთელი თაობა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ამერიკაში მყოფ ქართველებს მათი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება სამშობლოში, საქართველოში მისცემოდეთ. „ამერიკა ოცნების ქვეყანაა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის და მიუხედავად ამისა, მინდა იცოდეთ, რომ სამშობლოს კარი ყველასთვის ღიაა. მე ვისურვებდი, რომ თქვენი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება თქვენსავე სამშობლოში მოგეცეთ“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები