ეკა კვალიაშვილი – ჩემს ცხოვრებას “Happy end”-ი სჭირდება!

გვარი, რომლისთვისაც შემოქმედს მუსიკისა და სიმღერის დიდი ნიჭი უძვირფასეს   საჩუქრად უბოძებია, რომელთაც დიდი შრომის წყალობით კიდევ უფრო მეტად განუვითარებიათ და ქართული სიმღერის საგვარეულო საუნჯეც შეუქმნიათ, თარხნიშვილებს ეკუთვნით. მომღერალი ეკა კვალიაშვილი ამ გვარის ღირსეული მემკვიდრეა. მას გენეტიკით არა მარტო ნიჭი, შრომისმოყვარეობა და დიდი პასუხისმგებლობაც გადმოეცა. სწორედ ამ თვისებების წყალობით მან შეძლო წინაპართა ღვაწლი დაეფასებინა და კიდევ უფრო მეტად შეევსო საგვარეულო საგანძური. ყველაფერი აქ როდი მთავრდება, ალბათ მიხვდით, ეკას შვილინუკა კვალიაშვილიც თარხნიშვილების იმ ძლიერი ფესვიდან არის ნასაზრდოები და გასაკვირი არ არის, თუ მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
– როგორ დაიწყეთ სიმღერა.
– ჩემი სიმღერის ასეთი ნიჭი მთლიანად გენეტიკის ამბავია. ის მემკვიდრეობით გადმომეცა, შემდეგ დავხვეწე და  12 წლიდან  სიმღერებსაც  ვწერ.  მამიდას, ცნობილ  კომპოზიტორს  მარიკა კვალიაშვილს ვეკითხებოდი შიგადაშიგ  და ისიც მაყენებდა გზაზე. ზედმეტად ზრდილი ბავშვი, ზედმეტად მორჩილი და გამგონე ვიყავი, რაც შემდეგ ცხოვრებაში, ცოტა  არ იყოს, არ გამომადგა. ზედმეტი არაფერი ვარგა.  დავამთავრე ხელოვნების სკოლა, შემდეგ, პირველი სამუსიკო სასწავლებელი  (ფორტეპიანოს განხრით), შემდეგ – დღეში 8 საათი მეცადინეობით ძალიან დავიღალე. სიმღერამ გამიტაცა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრის სოლისტად დავიწყე მოღვაწეობა,  სადაც ჩავაბარე კიდეც.  ამის შემდეგ სახელმწიფო ტელე – რადიო  დიდი ორკესტრის სოლისტი გავხდი.10917893_917564974944350_4026408163828352404_n
– მოგვიყევით  თქვენი დიდი ოჯახის შესახებ…
– მე მყავდა დიდი ბებია, მისი ოჯახი, მამა, დედა, მთელი თარხნიშვილები, მაროს ქალიშვილი მამაჩემის და მარიკას დედა, თამარი, რომელიც ასევე მღეროდა მაროს გუნდში, როგორც სხვა შვილები. თამარს ჰყავდა, მეუღლე, კონსტანტინე კვალიაშვილი,  ანუ ჩემი ბაბუა, რომელიც  საქართველოს დამსახურებული მხატვარი იყო. მან უამრავი ქართული ფილმი გააფორმა. საქართველოს მასშტაბით  აგრეთვე უმრავი გამოფენა ჰქონდა, და ეს ბაბუა არაჩვეულებრივად ფლობდა ფორტეპიანოს, გადასარევი სმენით და გემოვნებით გამოირჩეოდა. მამა  მღეროდა და უკრავდა, უტკბილესი ხმით და გემოვნებით, ის იყო ნამდვილი თბილისელი, იუმორით სავსე, ულამაზესი კაცი! ასეთი იყო, ჩემდა საამაყოდ, ჩემი მამიკო. ჩემი დიდი მეგობარი, რომელიც უკვე 13 წელია აღარ მყავს. მამა ახალგაზრდობაში, გარკვეული წლების განმავლობაში  ესტრადაზე მოღვაწეობდა. შემდეგ სხვა პროფესიაზე გადაერთო (მას უმაღლესი განათლება ჰქონდა), რადგან ოჯახს ასე სჭირდებოდა. დედას, ამ ოჯახის რძალსაც აქვს სმენა და სასიამოვნო ხმა…
– დაუვიწყარი პედაგოგები.
– ნანა გიგუაშვილი, რომელიც ვოკალს მასწავლიდა, ჩემი დეიდა იყო. უძლიერესი პედაგოგი.  მისი დამსახურებაა დღეს ჩემი ხმის მოქნილობა.  შემდეგ უკვე მისი მეთოდიდან გამოვიყვანე საკუთარი, საესტრადო ხმის დამუშავების მეთოდი,  რაც არავინაც არ იცის. ჩემი ექსკლუზივია.
საყვარელი ავტორი, შემსრულებელი…
– სტივ ვანდერი.არ არსებობს  მის რეპერტუარში (რომელი წლისაც არ უნდა იყოს)  არცერთი კომპოზიცია, რომელიც ზეპირად არ ვიცი,  რომელიც არ მომწონს  და, საერთოდ, ვთვლი, რომ მას საოცრად განსხვავებული მანერა აქვს, საოცარი ჰარმონიულობით,  მუსიკალურობით, თუ ხმის ტექნიკური მიმოქცევით გამორჩეული.  და იგი  ამ მანერის ფუძემდებელია… ერთი სიტყვით, გენიოსია.  სხვები მაინც ერთმანეთს რაღაცით გვანან,  რადგანაც სტივის მერე წამოვიდა ეს მანერა.  მე ვარშავაში მის კონცერტზეც ვარ  ნამყოფი.
– წარმატება, რას ნიშნავს ეს ცნება თქვენთვის ?1653428_917566134944234_3162385601190371605_n
– წარმატება პოზიტიური აზროვნებაა. ვინც ადრე ხვდება ამას, უფრო ადრე აღწევს წარმატებას,  ვინც ვერ ხვდება – საერთოდ ვერ აღწევს  და ვინც – გვიან, შესაბამისად, თუ დრო დარჩა, მიაღწევს,  რადგან ჩვენი აზროვნება და სურვილები ესმის  სამყაროს. გაუშვებ პოზიტივს – დაგიბრუნდება პოზიტივი. იფიქრებ, არ მიმართლებსო, არ გაგიმართლებს.  იფიქრებ, რა მაგრად ვარ და რა კარგია ცხოვრებაო და ასეც იქნება. თუ განიკითხავ, სიკეთეს თუ არ უსურვებ სხვას,  მოგიბრუნდება სამყარო და თავზე დაგატეხავს იმას, რაც შენ უსურვე იმ სხვას,  რადგან  ეს შენი სურვილი  სამყაროს გონია.  ამიტომ, არ განიკითხო და არ განიკითხებიო.  როდესაც ამის შეგნებას მიაღწევ და გაითავისებ, მაშინ მიაღწევ წარმატებას,  სხვა დანარჩენი ფარსია და ძალადობა სიტუაციებზე.
– ყველაზე კარგად რომელ ჟანრში გრძნობ თავს?
– ნებისმიერში, რასაც ვმღერი.  გამორჩეული ჟანრი არ მაქვს.  ესე იგი,  უცებ შემიძლია გადაწყობა.  არ ვარ ჩაციკლული ამა თუ იმ ჟანრზე, რადგან რაც მიყვარს, ვასრულებ კიდეც. ერთფეროვნება  არაფერში არ მიყვარს.  მრავალწახნაგოვანი შემოქმედი, ვგონებ, საინტერესოა.
– ეკა, რა გაწერინებ მუსიკას?
– არა,  ეს არავინ იცის. ეს ფენომენი ვერ ახსნა ვერცერთმა უდიდესმა კომპოზიტორმა და მე როგორ აგიხსნათ?! მე ერთი ჩვეულებრივი… ეკა ვარ. ეს არის მუზა. საიდან იბადება უცებ,  არავინ იცის.
– წარსულის ერთი საუკეთესო დღე. დრო, რომელიც ყველაზე დიდებული იყო ეკა კვალიაშვილის  ცხოვრებაში.
– ასეთი ბევრი დღე იყო, მაგრამ ერთი განსაკუთრებით იყო გამორჩეული, 22 წლის წინ და მეორე – 1 წლის წინ. ალბათ,  მიხვდით, რას ვგულისხმობ –  შვილისა და შვილიშვილის დაბადების დღეები.
– პროფესიონალი მუსიკოსი ნუკას  დედა შვილთან  თუ ეწევით პედაგოგიურ მუშაობას?  როგორია ერთი პროფესიის  მქონე ორი უნიჭიერესი ადამიანის ურთიერთობა?1534289_917564988277682_7731575059639300867_n
– პირველ ყოვლისა,  ეკა კვალიაშვილი მუსიკოს – შემოქმედია,  რადგან მე შემოქმედებად მიმაჩნია ის, რასაც ვაკეთებ:  კომპოზიციები,  სიმღერა,  პერფორმანსები,  მონო სპექტაკლი,  შოუები  ისტორიულ თემაზე, ეს – შემოქმედებაა.
რაც შეეხება ნუკას,  ხმა მე დავუმუშავე.  ვმუშაობდი ნუკასთან, როგორც პედაგოგი. როდესაც ვუხსნიდი, უცებ ისეთ რაღაცას მეტყოდა, ორივე ჩაბჟირებამდე  ვიცინოდით,  მაგრამ  მერე გადიოდა თავის ოთახში და იქ დამოუკიდებლად მუშაობდა ხმაზე.  რა თქმა უნდა, ჩემი მეთოდით. იშვიათად, მაგრამ მაინც  მაქვს მასთან რაღაც შენიშვნები.  ამას ისე, უბრალოდ ვეუბნები, რომ ესა და ეს ადგილი ასე უკეთესი მგონია, რომ იქნებოდა- მეთქი. ჩვენ  ორი პროფესიონალი მომღერალი  ვსაუბრობთ და  ვმსჯელობთ ამა თუ იმ ნიუანსზე.
– ნუკა უკვე წარმატებული მომღერალია.  მიწვევები თუ აქვს?
– ნუკათი დაინტერესებულები არიან, მაგრამ არ ვიტყვი, ჯერ სად და რას აპირებს.
– ადამიანს თუ მუსიკის დიდი ნიჭი არ დაყვა, შეიძლება ბევრი შრომით რამეს მიაღწიოს?
– ნუ, რაღაცას კი, მაგრამ დიდ და განსაკუთრებულს ვერ მიაღწევს.  თუ მიაღწია, ეს რაღაც გამონაკლისია, ან ჩაწყობილი აქვს.
– ეკა, ახლიდან რომ იწყებდეთ, შეცვლიდით რამეს?9007_917564991611015_5832427714321486400_n
– მოკლედ გეტყვით, აუცილებლად წავიდოდი აქედან. შემოქმედებას განვავითარებდი და თავს არ დავიავადებდი ნერვიულობით.  ვნანობ. არა ერთი მიწვევა მქონდა და დღეს ყველას ვნანობ, რომ  არ წავედი, იმიტომ, რომ არ შემეძლო საქართველოსა და ქართველების გარეშე ცხოვრება. ვერ წარმომედგინა სხვა ქვეყანა.
ჩაკა ხანის პროდიუსერი, წინათ ჯიმი ჰენდრიქსის ბასისტი, მსოფლიო ჩამწერი სტუდიების ქსელის დამფუძნებელი, კომპოზიტორი, რომელიც დაესწრო,კიევში „მის როკ ევროპა 92“-ს, სიცხიანი დადიოდა 3 დღე ჩემი სიმღერის გამო,   მეხვეწებოდა, რომ ამერიკაში წავსულიყავი და ჩემი დისკიც გამოეშვა.  ეს იყო ასაკოვანი, შავკანიანი მუსიკოსი, რომელმაც სიმღერაც მაჩუქა, „life and love“, – ასე ერქვა სიმღერას, მაგრამ მოგეხსენებათ, რა კარგი და საყვარელი დრო იყო საქართველოში 90-იანი წლები…  და  სადღაც, სამწუხაროდ, ჩანაწერი დავკარგე, მაგრამ მეც ვაჩუქე სიმღერები: „You need my love again“ და „Happy woman“,  რომლებზეც გიჟდებოდა, ისე მოსწონდა და მკითხა, საიდან გაქვს ასე გათავისებული შავკანიანთა მუსიკაო. მე ვუპასუხე, რომ ამერიკაში არც კი ვიყავი ნამყოფი,  რაზეც გაოცდა  და ნიჭიერი გენიოსი მიწოდა.  მე მას  ეს სიმღერები სახსოვრად ვაჩუქე. შემდეგ არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ სიმღერებს, მაგრამ   მე კი არ წავედი ლოს- ანჯელესში. იცით, რატომ?… ვგიჟდებოდი თბილისზე. თან  საოცრად შეყვარებული ვიყავი და არ მინდოდა, დამეტოვებინა ჩემი სიყვარული და წავსულიყავი.  ამ სიყვარულს მხოლოდ ერთი კარგი საქმე მოყვა,  მეტი  არაფერი.  ეს ერთი მთავარია და ყველაზე მაგარია, ეს ნუკაა. ნუ, ქორწინება მოყვა, რაღა თქმა უნდა,   სანამ ნუკა მოყვებოდა.  შემდეგ, დაშორება, შემდეგ აღარაფერი საინტერესო…
სადაც ჩავდიოდი,  საფრანგეთი იყო ეს, საბერძნეთსა თუ სკანდინავიის ქვეყნებში, ყველგან მთხოვდნენ დარჩენას.  კვიპროსზე, ნიქოზიაში, ანუ დედაქალაქში მომისმინა ერთმა საქმიანმა მამაკაცმა და იმავე საღამოს დაგვპატიჟა მე და ჩემი მეგობრები თავის  უზარმაზარ, ელიტურ კლუბში.  3000 -კაციანი კლუბი იყო, შუაში დიდი სცენით, ცოცხალი ბენდით.  დაგვხვდა ძალიან კარგი საზოგადოება, მისი შვილებიც იყვნენ  და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი შესრულება. მთავაზობდა, ამ კლუბის სახე გახდიო და ყოველ საღამოს შენ გახსენი კონცერტიო.   სოლიდურ ჰონორარს მთავაზობდა, მაგრამ მე მეორე დღეს გამოვფრინდი თბილისში, სადაც არ იყო არც დენი და არც გაზი.   ყოველი ფეხის ნაბიჯზე სროლები ისმოდა.  ჩაბნელებული და გადასხვანაირებული, ნაომარი თბილისი ვერ დავტოვე,  ვერა… აი, ახლა კი  დავტოვებ…  თან ძალიან დიდი სიამოვნებით,  იმიტომ, რომ აქ ერთი სერიოზული, ჰოლივუდური ფილმის სცენარი დაიწერება ჩემს განცდებზე და თავგადასავალზე.  სცენარი უნდა შევცვალო.
– როგორი იქნება ეს სცენარი?10313485_917566141610900_267110761041319753_n
– „ჰეპი ენდი“ სჭირდება ჩემს ცხოვრებას  და რატომ, იცი.  ეს ისედაც ყველას სჭირდება,  მე კი დავიღალე და თან ავად ვარ.   მშვიდი ცხოვრება მინდა, აქ კი ამას ვერ ვეღირსე.  ახლა  ვხვდები და ახლა  წავალ.  ახლა ბოლო შანსს მაძლევს  უფალი, ვიცი, როგორც ბევრი რაღაც წინასწარ. უბრალოდ ასეთი ვარ.  მეძლევა წინასწარ ხედვა და ვხედავ ხოლმე, მაგრამ არ ვამახვილებ ამაზე  ყურადღებას. ვიცი, ჯერ ცოტა ხანს აქ უნდა ვიყო, ძალიან ცოტა ხანს, მერე  ჩემი ოცნების ქალაქში და ქვეყანაში წავალ.  აი, მერე კი, რომ დავბერდები,  ღმერთი სადაც განმაწესებს, იქ წავალ მორჩილად.
– ეკას  შემოქმედებითი ოცნება. მიზანი.
– ჩემი მონო სპექტაკლის გამეორება თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ბათუმში და ასე შემდეგ, და შემდეგ გატანა ევროპაში. და ყველაზე მთავარი  ოცნებაა, დღესღეისობით, ნუკას მსოფლიო აღიარება.
– ბევრი გულშემატკივარი გყავთ,  რას ეტყოდი მათ?
– მე მიყვარს ისინი და მინდა ბევრად უფრო თავისუფლებს, გახსნილებს და პოზიტიურებს ვხედავდე. მინდა ჰქონდეთ ასეთი ცხოვრება  და უკიდეგანოდ ბედნიერები იყვნენ.

ირმა მირზაშვილი

 

  10411207_917564994944348_1510225744297059571_n

10678814_917565641610950_1968934158811663702_n

10959724_917564611611053_8129205194619863163_n

10968411_917564814944366_2280193805858359065_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები