„საფრანგეთის მოსამართლე უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა“

  საფრანგეთის მოსამართლე უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. მინისტრის თქმით, პროკურატურა გააგრძელებს მუშაობას, რომ დღეს თუ არა ხვალ, კეზერაშვილი ჩამობრძანდეს ქვეყანაში და პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას.
“ეს გადაწყვეტილება არის ცინცხალი, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცემული, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არის უარი. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატი და, მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალდებოდა ჩვენი ინტერესის დაცვა. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზარაშვილი რაიმეში გაამართლა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უცვლელი დარჩება.
“საქართველოში მის წინააღმდეგ ბრალია წაყენებული და ასეც დარჩება. უბრალოდ, ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება, ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა მის წინააღმდეგ ქართველი პროკურორების ბრალდებები. ყოველ შემთხვევაში, ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი დღეს განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები