საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „წმინდა ოთხთავის (მოქვის სახარების მინიატიურებით)“ წარდგენა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერითა და ორგანიზებით „წმინდა ოთხთავის (მოქვის სახარების მინიატიურებით)“ წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

წიგნის წარდგენას საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების 48-ე და დაბადების 93-ე წლისთავს მიეძღვნა.

„პროექტში უდიდესი შრომაა ჩადებული, ეს არის უაღრესად დიდი საღვთო და ეროვნული საქმე. მიმაჩნია, რომ ერი და ბერი, ეკლესია და მთავრობა, ერთიანი ძალისხმევით უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს გაბრწყინებასა და გაერთიანებას. ჩვენი სამინისტროს ჩართულობა ამ პროცესში სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულებაა.

მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს თავისი ღვაწლისა და იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც ჩვენი სულიერი განმტკიცება ჰქვია და მაქვს დიდი რწმენა, რომ ღვთის ნებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ჩვენი სულიერი მზაობით, ძალიან მალე ვიზეიმებთ საქართველოს გაერთიანებას სოხუმში, აფხაზეთში“, – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

პროექტი ფონდ „კანანელის“ ხელმძღვანელის არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები