თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცებაზე ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება აღნიშნული გადაწყვეტილება იყო, რომელიც უშუალოდ პასუხობს მოსახლეობის წინაშე არსებულ მწვავე გამოწვევებს.
„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც სრულდება. მოგეხსენებათ, აღნიშნული არეალი ჩემი სამაჟორიტარო ოლქის 50%-ს ფარავს. ჩვენ გვაქვს მოსახლეობასთან მუშაობისა და წინა პროექტებში მათი ჩართულობის დიდი გამოცდილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია. თუ მოსახლეობის მხრიდან გაჟღერდება საინტერესო წინადადებები, ჩვენ მზად ვართ, ისინი ოპერატიულად ავსახოთ და წესში დაუყოვნებლივ შევიტანოთ ცვლილებები“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნას.