სახალხო დამცველი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს მეორე შახტის მოსახლეობას შეხვდა
2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი საცხოვრებელი კორპუსები ამორტიზებულია, დასახლებაში არაა ბუნებრივი აირი, ცენტრალური წყალარინებისა და გათბობის სისტემა. მოსახლეობა წლებია ძველი 24 კორპუსის ნაცვლად ახალი საცხოვრებლის აშენებას ითხოვს.
მოსახლეობის თქმით, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდნენ, თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
მოსახლეობა ასევე განსაკუთრებით გამოყოფს სოფლის სკოლის მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და ითხოვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება მიეცეთ იმ ბავშვებს, რომლებიც მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ.
სახალხო დამცველი აგრძელებს საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგს და მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობასა და სოციალურ საკითხებზე.