შიდსი და ტუბერკულოზი – სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „ქორთიად მარიოტში“

აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრი აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელია.
სერგეენკოს თქმით, ფორუმის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის უფრო აქტიური ჩართვა საგრანტო განაცხადების მომზადების სამუშაო პროცესში, მათი მოსაზრებების, საჭიროებების გათვალისწინება და შიდსის და ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებებში ფართო ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
მისივე განმარტებით, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.
„უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმი მოქმედებს. ეს მექანიზმია აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი ფუნქცია, სპეციალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანაში ძირითადი ინფექციური დაავადებების მართვის სტრატეგიის განსაზღვრაა“, – განმარტა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინიტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წლიდან დღემდე საქართველოში გლობალური ფონდიდან მიღებული დახმარებით განხორციელდა მალარიის აღმოფხვრისკენ მიმართული ეფექტური ღონისძიებები (ამჟამად ქვეყანა ელის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას), დაინერგა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის ეფექტური მექანიზმები.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ორი საგრანტო პროგრამა: ტუბერკულოზისა და შიდსის. აივ/შიდსის გრანტის განხორციელდება 2015 წლის დეკემბრამდე, ხოლო ტუბერკულოზის გრანტი – 2016 წლის ივნისამდე. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით დაიწყო განაცხადების (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტების) შემუშავება. განაცხადები ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობითა და დიალოგის რეჟიმში მზადდება. სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები