მეცნიერების ხელშეწყობის გარეშე საქართველო ბუნებრივ ინერციაშია
ეკონომიკის დოქტორი
რატი აბულაძე
გლობალურ კონფრონტაციულ გარემოში, ქვეყანაში, მუდმივად საუბრობენ საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე, კადრების დეფიციტზე, სახელმწიფო სექტორში მაღალკვალიფიური კადრების მოტივატორ დანამატებსა და პრემიებზე. ამასთან, პრობლემების გადაწყვეტის გზად განათლების გაღრმავებას, სტრატეგიების შემუშავებასა და რეფორმების გატარებას განიხილავენ.
სახელმწიფო მართვაში, მეცნიერ-მკვლევარებისა და დოქტორის ხარისხის მქონე კადრების არ არსებობის (ძალიან ცოტაა მათი რაოდენობა) გამო, დროულად არ მუშავდება სახელმწიფო პროგრამები, ხოლო შემუშავებული და განხორციელებული პროექტების შედეგების მასშტაბები მცირეა, თვალსაჩინო არ არის მათი გავლენა საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, არადამაკმაყოფილებელია რეფორმების შედეგები. თანამედროვე გამოწვევების პირობებში ვლინდება არაეფექტური მართვის მეთოდები, ადგილი აქვს პროექტების შეფერხებას, შესაბამისად, რთულია მომავალ პერსპექტივებზე საუბარი, ოპტიმისტური პროგნოზების დადგენა და შეფასებების გაკეთება.
რეალობა ცხადყოფს, რომ ქართული პოლიტიკური და სამთავრობო გარემო საჭიროებს ახალ საკადრო რესურსს, როგორიცაა მეცნიერ-მკვლევარები.
მოცემული სტატია მიზნად ისახავს, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეუქმნას მეცნიერ-მკვლევარებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთა პოტენციალზე, რომლის ათვისებით შესაძლებელი გახდება ქვეყნის განვითარების მიღწევა.
თანამედროვე საქართველოში, ნებისმიერი მოქალაქისათვის აქტუალური საკითხია ქვეყნის განვითარება, ნაციონალური კონკურენტუნარიანობა, პოლიტიკური მდგრადობა, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში აღნიშნული პროცესები შესამჩნევია, თუმცა მცირე მასშტაბებით.
საზოგადოება საჭიროებს რეფორმებს, განვითარების გეგმებს, ზრდად სტატისტიკას, ოპტიმისტურ პროგნოზებს, პროგრესისა და ინოვაციის ხელშეწმყობ ღონისძიებებს. აღნიშნული პროცესები, ძირითადად, პოლიტიკური არჩევნების თანხმლებ ოპტიმისტურ მოლოდინს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას გარანტირებს. პრაქტიკულად კი, ოპტიმისტური მოლოდინის ნაცვლად მომავლის ილუზიად რჩება.
დღეს, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებში ინტეგრირებულია მეცნიერების, განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციების განვითარება. შესაბამისად, საზოგადოების ფართო სპექტრისათვის მისაწვდომია სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა. წარჩინებული აბიტურიენტები და სტუდენტები როგორც სახელმწიფოსგან, ისე უმაღლესი სასწავლებლისგან მხადაჭერილია ფინანსურად. ქვეყანაში შესაძლებელია სრულფასოვანი განათლების მიღება, აკადემიური და პროფესიული ზრდა.
ქართული სამეცნიერო ეკოსისტემა მოიცავს წარმატებით ფუნქციონირებად სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებლებს, ეფექტურ მენეჯმენტს, ეფექტიან საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.
მსოფლიოში, ქართული სამეცნიერო საზოგადოება მოწინავეა პროფესიონალიზმის, ცოდნის დონის, აქტივობის, კვლევა-ძიების, ინფორმაციულობის, ინტელექტის, ღირსების, კეთილშობილების მხრივ.
არსებითია აღინიშნოს სახელმწიფოს ძალისხმევა ქვეყანაში მეცნიერების ხელშეწყობის მიმართულებით, კერძოდ: 2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი ჰქონდა 49,7 მლნ ლარი (9 თვის მონაცემებით ნაჩვენებია მხოლოდ 17,8 მლნ ლარი), ხოლო 2015 წლის ბიუჯეტში, მეცნიერების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა 10,7 მლნ-ით და შეადგინა 60,4 მლნ ლარი. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, სამეცნიერო – კვლევითი მიმართულებების დაფინანსებისათვის, დამატებით გამოიყო 33,5 მლნ ლარი (წყარო: www.mof.ge).
ზემოაღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოსგან ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა მეცნიერ-მკვლევარებს, დოქტორის ხარისხის მქონე პირებს, რაც გამოიხატება შემდეგში: არ ხდება მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება; არ ხდება მათი ჩართვა სახელმწიფო სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავებაში; სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პროფესორ-მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ზრდას; ქვეყანაში, არასაკმარისია მეცნიერებასა და განათლებაში სახელმწიფოს ინვესტირება, სამეცნიერო საზოგადოებისათვის არასაკმარისია სახელმწიფო სტიმულები და საგრანტო რესურსები. შესაბამისად, დაბალია პროფესორ-მასწავლებლის შემოსავლები, შრომის ანაზღაურება, მცირეა მეცნიერ-მკვლევართა რაოდენობა, ხოლო მეცნიერ-მკვლევარის არსებული ფინანსური მხარდაჭერა „კარგი პოზიტიური ფონის“ შექმნას ემსახურება.
ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში, „შრომის ანაზღაურების ზრდის“ ტენდენციის კვალობაზე (2013 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი დაფინანსება გაიზარდა 269 მლნ ლარით და შეადგინა 1,318 მლნ ლარი[1]), მთავრობაში „ლობიზმის“ არ ქონის გამო უცვლელი დარჩა პროფესორ-მასწავლებლის შრომის ანაზღაურება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანას ჰყავს 8276 პროფესორ-მასწავლებელი, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების ზრდის მიზნით, საჭიროა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოს 50 მლნ ლარი. აღნიშნული წარმოადგენს მინიმალურ დანამატს, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესორ-მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებას და აქტივობის ზრდას. შესაბამისად, მეცნიერებაში ფულის დაბანდებითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო იმაზე მეტ სარგებელსა (ფინანსურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა) და ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს, ვიდრე, რომელიმე სფეროს წახალისებით.
მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური ეფექტის არგუმენტად შეიძლება განხილული იქნას მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ), რომლის კურსდამთავრებულებმა დააფუძნეს 25800 აქტიური კომპანია, დაასაქმეს 3,3 მლნ კაცი, ხოლო საერთო შემოსავალმა შეადგინა 2 ტრლნ დოლარი (სტატისტიკა წარმოებულია უნივერსიტეტის ისტორიის მანძილზე) (წყარო: isgtw.org).
მსოფლიოში, საერთაშორისო რეიტინგების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამთავრობო და სხვა წყაროებიდან ფლობენ მნიშვნელოვან ფონდებს. ასევე, აკადემიური პირების კეთილდღეობა საკვანძო როლს ასრულებს ხარისხისა და აკადემიური სისტემის განვითარებაში (UNESCO, 2009).
უდავოა, რომ სახელმწიფოს მიერ მეცნიერ-მკვლევარის ფინანსური მხარდაჭერა და „დაფასება“ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იქნება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან, საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან, ეფექტური მართვის სისტემის შექმნასთან, სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის ამაღლებასთან, ინოვაციასთან, პროგრესთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდასთან, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასთან, ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან.
მეცნიერების ხელშეწყობა ცვლის ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას, იწვევს მდგრად განვითარებას, ამცირებს სიღარიბეს, ქმნის მომავალი განვითარების ფუნდამენტს, ამაღლებს მწარმოებლურობას.
აღიარებულია, რომ მეცნიერებისა და განათლების განვითარების საფუძველზე ყალიბდება რეალობა, სადაც ხელისუფლებას სჭირდება ხალხი, და არა ხალხს ხელისუფლება.
გლობალური გამოწვევების პირობებში, ქვეყანამ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოს არა მახოლოდ გარე რესურსებზე, არამედ შიდა რესურსების (ადამიანური, ტექნოლოგიური, ბუნებრივი, ფინანსური რესურსი) წარმოჩენასა და ათვისებაზე. ქვეყნის პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნელსაყოფად ძირითადი ფოკუსირება უნდა მოახდინოს არსებული რესურსების გამოყენებაზე. აღნიშნული რესურსების წარმოჩენისათვის საჭიროა ყურადღების გამახვილება მეცნიერ-მკვლევართა შრომებზე, წარმოებულ კვლევებზე, მათ რეკომენდაციებზე.
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ „ღია მმართველობის“ პირობებში საზოგადოებისათვის უცნობია, აინტერესებს თუ არა ვინმეს სამეცნიერო შრომები, ან თუ აინტერესებს, საჯაროდ არავინ აღიარებს, ვისი შრომის პროდუქტს იყენებს თავის მმართველობით საქმიანობაში.
ქვეყანაში მუდმივად საუბრობენ საკადრო პრობლემებზე, თუმცა ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელი სფერო განიცდის კადრების დეფიციტს. ასევე, გაანალიზებული არ არის საკადრო რესურსების რაოდენობა, უცნობია დარგების მიხედვით უცხოელ, სპეციალისტების მოზიდვაზე გაწეული ყოველწლიური ხარჯი, უცნობია ადამიანური კაპიტალის სრული ბაზის შექმნისათვის საჭირო ფინანსური რესურსის რაოდენობა და დრო.
როგორც ცნობილია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები უმაღლესი განათლების მქონე პირებს წარმოადგენენ (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს). მათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისარგებლეს ყოველმხრივი და ხარისხიანი განათლებით, მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში. უდავოა, რომ ქვეყანაში კადრების სამჭედლოს წარმოადგენს უნივერსიტეტი, სადაც სწავლობენ, ვითარდებიან, იძენენ ცოდნას, ეუფლებიან ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, მორალურ პრინციპებს, აცნობიერებენ ეთიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობას. აღნიშნულის ფონზე, ქვეყანაში დასაქმებული პირების მხრიდან მუდმივად არის მსჯელობა არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში გვყავს კვალიფიციური კადრები, სათანადო პოტენციალის მქონე სპეციალისტები. აღნიშნულ პირებს კი მეცნიერ-მკვლევარები და დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტები წარმოადგენენ.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში აქცენტი კეთდება უცხოეთში უმაღლესდამთავრებულ კადრების უპირატესობაზე, რითაც არათანაბარ პირობებში დგება ადგილობრივი უმაღლესდამთავრებული. თუ გავითვალისწინებთ ქართველი პროფესორ-მასწავლებლის მაღალ პროფესიონალიზმს, მეცნიერ-მკვლევარების უნარ-ჩვევებს, საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ პრობლემა არის მიდგომა, ეროვნული უნივერსიტეტების კადრების აღიარება და დაფასება, რადგან ქართული უმაღლეს სასწავლებლების კურსდამთავრებული სტუდენტ-ახალგაზრდების ცოდნის დონე, ადგილობრივი გარემოს ფლობა, მოქნილობა, ინფორმაციულობა საკმაოდ მაღალია (შედარებით უცხოეთში მიღებული განათლების მქონე პირები, რომლებიც უცხოურ გარემოს არიან მორგებულნი).
სამწუხაროდ, სახელმწიფო სექტორის საკადრო პოლიტიკის „მოწინავე რესურსს“ დოქტორის ხარისხის მქონე პირები არ წარმოადგენენ.
მეცნიერ-მკვლევარებისა და აკადემიური პირების სახელმწიფო ხელშეწყობისა და დაფასების გარეშე, მეცნიერებაში შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში არ იქმნება კონკურენტუნარიანი ინოვაციური პროდუქტები, ქვეყანა ვერ იყენებს თავის სამეცნიერო პოტენციალს, არ ფლობს სათანადო ადგილს გლობალურ რეიტინგებში, სამეცნიერო სამყაროში მცირეა სამეცნიერო კვლევების წარმოებისა და შრომების შექმნის წილი.
ქვეყანაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ფასწარმოქმნის პოლიტიკის პირობებში, რთულია ახალგაზრდა ოჯახმა (მეცნიერის თუ არამეცნიერის) „ვინმეს“ ხელშეწყობის გარეშე შეძლოს „ფეხზე წამოდგომა“, პერმანენტული განვითარება, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართვა. ამასთან, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობაც ეკონომიკურად და ფინანსურად არამიმზიდველი საქმიანობაა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებისათვის რამდენიმე ათეული მილიონი არასაკმარისია.
შესაბამისად, იმისათვის, რომ შევაჩეროთ დოქტორის ხარისხის მქონე კადრების გადინება, არ მოხდეს შრომის ბაზრის „გაღარიბება“, საკადრო დეფიციტი, განვითარების ტემპის შემცირება და სხვა უარყოფითი პროცესები, საჭიროა ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერ-მკვლევარებს შეექმნათ სათანადო პირობები, კერძოდ:
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, სახელმწიფომ მთავარი როლი უნდა შეასრულოს მეცნიერ-მკვლევარის საქმიანობის სტიმულირების, საზღვარგარეთ მივლინებების, კვლევების წარმოების წახალისების, საგრანტო დაფინანსების, ნაშრომების გამოცემის დაფინანსების მიმართულებით;
- სახელმწიფოს დაფინანსებით უნდა გაიზარდოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ხელფასები (ყოველწლიურად, დამატებით საჭიროა 50 მლნ ლარი);
- პროფესორ-მასწავლებელი ჩართული უნდა იქნეს სახელმწიფო სტრატეგიებსა და მართვის პროცესში;
- პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აქტივობის სტიმულირებისათვის, სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს გრძლევადიანი შეღავათიანი კრედიტით სარგებლობისა და საჯარო სამსახურებში მმართველობით საქმიანობაში ჩართვის მიმართულებით;
- სახელმწიფოს მმართველობით რგოლში უნდა გამოიყოს შტატი (ყველა სახელმწიფო უწყებაში სავალდებულო უნდა გახდეს) მეცნიერ-მკვლევართათვის, სადაც პრიორიტეტი დოქტორის ხარისხის მქონე პირებსაც უნდა მიენიჭოს;
- შრომით ბაზარზე, ახალგაზრდა-პროფესორ მასწავლებლების კონკურენტული მდგომარეობის ამაღლებისათვის ხელი უნდა შეეწყოს მეცნიერის საზღვარგარეთ სამეცნიერო -გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და ჩართულობას;
- ქვეყნის პოლიტიკური გარემო, რომელიც დღეს საკადრო დეფიციტს განიცდის, უნდა შეივსოს მეცნიერ-მკვლევარებითა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებით;
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორმა გაიაზროს მეცნიერების როლი, სამეცნიერო კვლევების გავლენა, სასწავლო – სამეცნიერო სისტემის ფასეულობა და სარგებელი, მეცნიერ-მკვლევარების წვლილი ეკონომიკაში, მეცნიერების მნიშვნელობა ინსტიტუციურ განვითარებაში. შესაბამისად:
- სახელმწიფოს მიერ მეცნიერ-მკვლევარის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფოკუსირება შექმნის პირობას, რათა სამეცნიერო, კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა იყოს მართებულად დაფასებული და წახალისებული, რაც გამოიწვევს პროგრესსა და მომავალ განვითარებას;
- სახელმწიფო სტრატეგიები აიგება კვლევის პლატფორმასა და პრაქტიკაზე. დარგი დაიგეგმება, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების პრინციპებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ისე კომპლექსურ კვლევებზე, ანალიზსა და არსებულ რეალობაზე დაყრდნობით;
- სახელმწიფო სექტორში, დოქტორის ხარსხის მქონე მეცნიერ-მკვლევარების დასაქმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებების (მაგალითად, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება) გაფორმების გარეშეც განხორციელდება პროექტები, ქმედითი ღონისძიებები და ინიციატივები; საზოგადოების მოთხოვნების წინმსწრებად, დროულად შესრულდება ვალდებულებები; შეისწავლება პრობლემების სრული სპექტრი; გამოვლინდება ეკონომიკური კეთილდღეობისათვის საჭირო რესურსები, განსაზღვრული იქნება განვითარების რესურსები;
- სამთავრობო პროცესებში მეცნიერ-მკვლევარების ჩართვით, ყურადღება გამახვილდება არა მხოლოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, განხორციელებული პროექტების შედეგებსა და მასშტაბებზე, პასუხისმგებელ პირებსა და უწყებებზე, რაც ოფიციალურად, საჯაროდ ეცნობება საზოგადოებას;
- მთავრობის მიერ სამეცნიერო გარემოს ხელშეწყობითა და ინვესტირებით მიღწეული იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა;
- სახელმწიფო სტრუქტურის მიერ მეცნიერ-მკვლევარის დაფასებით, კორპორაციული სექტორიც გაითავისებს ამ პოტენციალს, რაც უმნიშვნელოვანესი სარგებლის მომტანი იქნება სამივე სექტორისთვის (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორისთვის);
- თუ, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული გახდება 8,3 ათასი პროფესორ-მასწავლებლისა და მეცნიერ-მკვლევარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათი ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფის საფუძველზე მივიღებთ თანამედროვე, კონკურენტუნარიან და განვითარებულ ქვეყანას.