მორის კაჭარავა – ცეკვა სულიერი მდგომარეობაა

მას მაესტრო მორისით სახელით იცნობენ, თუმცა ლათინოამერიკული ცეკვების უბადლო შემსრულებელი სხვა მიმართულებითაც ისეთივე წარმატებულია, როგორც ცეკვაში. მისი უცვლელი მეწყვილე საკუთარი და მაია კაჭარავაა. ცეცხლოვან მოცეკვავეს ექსტრემი იზიდავს, – ბაიკი, თხილამურები… უკვე პროფესიონალი მყვინთავია და სხვებსაც ასწავლის ამ მეტად საინტერესო პროფესიას. ამბობს, რომ ბევრი გეგმა აქვს. მათ შორის, მისი მთავარი მიზანია ლათინოამერიკული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, „რომ საქართველოს ჰქონდეს ისეთი კლუბი, სადაც იქნებოდა სრულყოფილად და კარგად წარმოდგენილი ის კულტურა, რასაც ჰქვია ლათინოამერიკული ცეკვები და მუსიკა. საუბარია უმაღლესი დონის ცეკვებზე, იქვე მოხდება ამ ცეკვების შესწავლა. სადაც კუბელების ჩამოყვანის შესაძლებლობა იქნება, და არა მარტო კუბელების, ნებისმიერი ლათინური ქვეყნის მაცხოვრებლების. ასეთი კლუბი ჩვენ არ გვაქვს”.

– რა არის თქვენთვის ცეკვა?
– ცეკვა არის განწყობა. ესთეტიკა. ეს არ არის ილეთების დემონსტრაცია, ნასწავლის დემონსტრაცია. სულიერი მდგომარეობაა. დადებითი ემოციის მატარებელი ანდიდეპრესანტია.
– პირველი ნაბიჯები…
– სოლოლაკელი ვარ. ცეკვის სწავლაც სოლოლაკში დავიწყე. ყოფილი მახარაძის ქუჩაზე ხელოვნების მუშაკთა სახლი არსებობდა. 12 წლის ვიყავი მაშინ, ეს ლათინოამერიკული ცეკვები არც იცოდნენ საქართველოში, იყო სამეჯლისო ცეკვა, რომელშიც შედიოდა ხუთი სტანდარტული ცეკვა, ხუთი – ლათინოამერიკული. ოღონდ ის სტილი არა, რომელსაც ახლა მე ვასწავლი.
– ვინმესგან გადმოგეცათ ეს ნიჭი?
– მამა  ყოველთვის კარგად ცეკვავდა. ეს ნიჭიც მისგან უნდა მქონდეს.  სანამ რუსთაველზე, ყოფილ ოფიცერთა სახლში  ფილმის ჩვენება მოეწყობოდა, მანამდე ცოცხალი მუსიკა უკრავდა და ცეკვავდენენ ხოლმე. სხვათა შორის, როკ-ენ-როლის ცეკვაში აქვს პირველი ადგილი აღებული. იქ მოხიბლა დედაც. დედა არ ცეკვავდა  პროფესიით ინჟინერი იყო.10937796_914205331946981_1776251884_n
– რატომ მაინცდამაინც სამეჯლისო ცეკვა?
– სხვათა შორის, ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ცეკვები. ძალიან მინდოდა ქართულის მოცეკვავე გავმხდარიყავი, პიონერთა სასახლეში უნდა დამეწყო სიარული, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შემიშალა და დამაგვიანდა. ბატონები შემხვდა და ძალიან ჩამოვრჩი. ამის მერე სამეჯლისო ცეკვების სწავლა გადავწყვიტე. კარგად ავითვისე. გაირკვა, რომ მეწყვილე მჭირდებოდა და ჩემი და წავიყვანე. თვე არ იყო გასული, ჩვენმა წყვილმა კონკურსში გაიმარჯვა და ფინალში გავედით. იმ პერიოდში სამეჯლისო ცეკვა „ახალი ხილი“ იყო და მწირი  ინფორმაცია ვრეცელდებოდა. მეც ბევრი არაფერი მქონდა ამ სფეროში ნანახი. ჩემთვის მაშინ მისაბაძი მოცაკვევეები იყვნენ ჩემი მასწავლებლები. წყვილი – ბორის ოდიკაძე და რუზანა მანაშეროვა, რომლებიც დღესაც დიდი წარმატებით მოღვაწეობენ ისრაელში. ზუსტად გუშინ ვესაუბრე მათ სკაიპით. ოცდახუთი წელია ეს ადამიანები არ მინახავს. იქ რაღაც გადაცემა მზადდება, მათ სპეციალურად გამოუშვებენ და ჩვენი შეხვედრის ჩაიწერება. ეს გადაცემა უზრუნველყოფს ამას.
– უცვლელი მეწყვილე გყავთ. ეს არის თქვენი და...
– ვინ არის შენი მეწყვილე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეწყვილე უნდა იყოს შენი შემადგენელი ნაწილი. საუკეთესო წყვილს შექმნილ ოჯახს შევადარებდი. პარალელს გავავლებდი. როგორც წყვილს გამოსდის ლამაზი ცხოვრება, ისეა ცეკვაშიც. პირველი ნახევარი და მეორე ნახევარი. თუ რომელიმე ნახევარი მოიკოჭლებს, ცეკვა ისეთი არ გამოდის. თავიდან წყვილში ერთი გოგო დამიყენეს. მე მას ვერ შევეწყე და ჩემი და წავიყვანე, მან გაამართლა. კარგად შევეწყეთ. უკვე აღვნიშნე, რომ პირველი გამარჯვების მერე კიდევ ბევრი გამარჯვება იყო. ამდენი რამეერთად გამოვიარეთ და შევრჩით ერთმანეთს. ქართულმა საზოგადოებამ კარგად მიიღო და–ძმის წყვილი. დიდ სიყვარულს, მხარდაჭერას და მოწონებას ვგრძნობდით და ვგრძნობთ ხალხისგან. მოგეხსენებათ, სამეჯლისო ცეკვა არ არის ქართული ცეკვა, რომ ქართულ მენტალიტეტს ადვილად მორგებოდა, მით უმეტეს, იმ დროს. სწორედ და–ძმის ცეკვა წყვილში კარგად მიიღო ყველა თაობის მაყურებელმა.
– ოლიმპიადები და წოდებები…10939542_914206315280216_378107940_o
– ჩვენი პედაგოგები  თენგიზ გაჩეჩილაძის პირველი პლეადის წარმომადგენლები იყვნენ. მუშტაიდში ჰქონდათ სასწავლო სტუდია, სადაც თავადაც ძალიან ბევრს მეცადინეობდნენ. შემდეგ თენგიზი აწყობდა საკავშირო კონკურსებს,  ჩვენც ხშირად გვიწვევდა და დიდ წარმატებებს ვაღწევდით. საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ სახელგანთქმული მოცეკვავეები. მათ დიდი სკოლა ჰქონდათ. ტარდებოდა სემინარები, რომლებსაც აქტიურად ვესწრებოდით და ბევრს ვშრომობდით. ოქროს მედალი ავიღეთ დისკოში – საქართველოში სკოლებს შორის ოლიმპიადაზე. საკავშირო კონკურსებზე სულ ლაურეატის წოდებებს გვანიჭებდნენ. შემდეგ, 86–87-იან წლებში, როცა ბრეიქდანსი   აქტიურად შემოვიდა, ძალიან დავინტერესდი. დამოუკიდებლად შევისწავლე და გამარჯვებაც მოვიპოვე. როგორც ბრეიქდანსის საუკეთესო შემსრულებელი, გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ვიყავი საუკეთესო შემსრულებელი როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გამოსვლებში.
– საზოგადოება გიცნობთ როგორც ლათინოამერიკული ცეკვის უბადლო შემსრულებელს, თუმცა მრავალ პროფესიას ითავსებთ…
– ახლა ცეკვა ჩემი ძირითადი პროფესიაა, თუმცა სამხატვრო აკადემია წარჩინებით დავამთავრე. ძალიან მიყვარს ხატვა. იყო დრო, იმ არეულ,  ცნობილ 90– იან წლებში ნახატებით თავსაც ვირჩენდი. მე და ჩემი მეგობარი დავით გიორგაძე (რომელიც დღეს უკვე გამოჩენილი მხატვარი გახლავთ) პირველები ვიყავით, ვინც რუსთაველზე, იქ, სადაც ახლაც ცნობილი გამოფენა–გაყიდვაა, მეცნიერებათა აკადემიასთან, საკუთარი ნახატები გამოფინა  და გაყიდა. ორმა ადამიანმა გავხსენით ეს გამოფენა.  ახლა უბრალოდ ხატვისთვის დრო აღარ მრჩება. პროფესიით მხატვარ–დიზაინერი ვარ. სერიოზული ნამუშვრებიც შევქმენი.
– ექსტრემი გიზიდავთ. ბაიკერი და პროფესიონალი მყინთავი ხართ…
– ექსტრემი  ძალიან მიზიდავს. მყვინთავი ვარ. რვა წელია უკვე საკუთარი აკვალანგებით ამ სფეროშიც ვარ. სხვებსაც ვასწავლი. ჩვენთან კარგი პედაგოგები არიან,  ამ პროფესიის სწავლა მაღალ დონეზე შეიძლება. არსებობს ასეთი ცენტრი “პოსეიდონი”, სასწავლებელი, რომელსაც დათო ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს. მეტსახელად კუსტოს ეძახიან. ამირან ჯამრიშვილი და გუჯა ჯამრიშვილი – სპელეოლოგები გამოქვაბულების აღმომჩენები არიან. გამოქვაბულებში არის წყალქვეშა სამყარო. ყველაზე ექსტრემალური მანდ ყვინთვაა. მოტოციკლეტი მიყვარს. ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში  სადიპლომო ნამუშევრად ნამდვილი ბაიკი გავაკეთე. ჩემი ფორმები შევქმენი. სწორედ ამ ბაიკით გამოვცხადდი დიპლომის დაცვაზე, რამაც ყველას აღფრთოვანება გამოიწვია და ეგრევე დამიწერეს უმაღლესი ქულა. თხილამურებსაც კარგად ვფლობ. არცერთ სეზონს არ ვტოვებ, რომ გუდაურსა და ბაკურიანს არ ვეწვიო. კონცერტებს ვატარებ, თან ვსრიალებ.
– ბევრი გულშმატკივარი გყავთ…10931463_914206178613563_850270697341349951_n
– კეთიგანწყობილი ადამიანების გვერდით ვცხოვრობ, რადგან მე თავად მიყვარს ადამიანები და ეს განწყობა გადადის მათზეც. მეც მიხარია, როცა ჩემი ხელოვნება მოსწონთ, აფასებენ. დიდი სიყვარული მოდის. მიხარია ნამდვილად, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავს.
– ცნობილი მამის შვილი ხართ…
– მამას ბევრი აღმოჩენები აქვს ქართულ ენაში. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობს იგი ქართულ საზოგადოებას. დიახ, შალვა კაჭარავა მამაჩემი გახლავთ. მისი პროექტით უნდა აშენებულიყო ქართული სოფელი.
მამის აღმოჩენას რაც შეეხება, ორი სიტყვით ვერ ვიტყვი, ზღვა მასალაა და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მამის ქალაქის მშენებლობის გეგმას გამოვყოფ. ასე გასაგები რომ იყოს, გეტყვით.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, ავიღოთ 6 -კილომეტრიანი წრე სადმე, საქართველოს მიწაზე. დავყოთ იმდენ ნაწილად, რამდენი სახელმწიფოც არის ამ დედამიწის ზურგზე.  დაახლოებით 1 ჰექტრიდან 7 ჰექტრამდე რომ შეხვდეს მიწა თითო სახელმწიფოს. ეს პირობითად. ისე კი, რამდენი მიწის ნაკვეთი უნდა გამოეყოს თითო სახელმწიფოს, ეს კომპეტენტური ადამიანების გადასაწყვეტია. ამის მერე შევთავაზოთ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, რომ აქ, მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, გააშენონ საკუთარი საელჩოები. კულტურული კერები, წარმოჩინდნენ თავიანთი არქიტექტურით, იზრუნონ უცხო მიწაზე საკუთარი ადგილის ათვისებაზე. ეს იქნება უზარმაზარი მნიშვნელობის ქალაქი საქართველოს ტერიტორიაზე, მსოფლიოში ყველა სახელმწიფოს კულტურული კერებით. მხოლოდ ქართველებისთვის არა. ჩამოსული ტურისტებისთვისაც. მათ საშუალება მიეცემათ, აქ ჩამოსვლით სხვა ქვეყნების ისტორიასაც გაეცნონ. ამ პროექტით ჩვენთან სრულიად უსასყიდლოდ გაშენდება ისეთი ქალაქი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
როგორია ხელისუფლების მხრიდან დაინტერესება?
– დაინტერესება ყოველთვის იყო სხვადასხვა დონეზე, ყველა ხელისუფლების დროს. თუმცა ეს პროექტი ბოლომდე რომ გასულიყო და პარლამენტს დაემტკიცებინა, არ მოხერხდა. იქნებ ამ მთავრობამ შეძლოს და ეს ოცნება აახდინოს. წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება პატარა გაერო და ვერავინ გაბედავს ამხელა ერებზე ხელის აღმართვას. ეს იქნება ერთგვარი ფარიც. ეს საშვილიშვილო საქმეა. მთავარია, იყოს ყველას ნება.
– მაინც ვისი იმედი აქვს მამას?
– როდესაც მამას სწორედ ეს კითხვა დაუსვეს, სიტყვასიტყვით გთავაზობთ,  რაც მან უპასუხა:
„- მეკითხებიან, – ვისი იმედი გაქვთო? – ვპაუხობ: … ადამიანების, – რომლებსაც წინაპართა საფლავებით მოვაჭრე სასაფლაოებზე საყვარელ ადამიანთა კვლავ გასაყიდად „დასაფლ-ავება“ არ სურთ!… – რომლებსაც ყველა სახის თითო ხე-ბუჩქთა დამტევი, – „საამო-ხეთა ბაღებად“ წყობილი, „ხელ-მწიფე“ მასპინძლად მომქცევი და „წა-სულთა სა-ყოველ-თაობო ხსოვნის“ მამკვიდრებელი, – „საკარმიდამო სა-ხე-მწიფო მამულებში, მაცხოვრისეულად ცხოვრება სურთ!… – რომლებსაც შუაგულ საქართველოში, სა-ყოველ-თაობო მშვიდობის მამკვიდრებელი, არამზარდი საზღვრებისა და ჯერარნახული სილამაზის მქონე „მამის საერთაშორისო ქალაქის, – საკუთარი „გაეროს“, გნებავს „პატარა მსოფლიოს“ დიდ „ქო-ნებად“ უსასყიდლოდ „გაშე-ნება“ სურთ!.. – რომლებსაც საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, გვარისთვის, სოფლისთვის, რაიონისთვის, მხარისთვისა და ქვეყნისთვის, სხვა მრავლად სასიკეთო სიტყვების საქმედ წარმოსაჩენა სურთ!.. … ხოლო ვისაც არ სურს, – „არც რა მიეცემისო“, – ნაბრძენებია…“
– მამის პროექტის რაღაც ნაწილი განახორციელეთ. ადრე აქ ხშირად ფესტივალებსაც მართავდით.
– ეს არის თბილისთან ახლოს პატარა ოაზისი. ტბა, სადაც ოქროს თევზები დაცურავენ. ქართულ სოფელს რაც შეეხება, მოგიყვებით ამაზეც. 1994 მინისტთა კაბინეტმა მოიწონა მამის მეორე იდეა. გამოყო ერთი ხრიოკი ადგილი – 24 ჰექტარი მიწა მარაბდის ველზე. სადაც მამაჩემის პროექტით სოფელი უნდა გაშენებულიყო. 24 ოჯახს უნდა აეთვისებინა ეს მიწა. მათ შორის ყველა ოჯახს უნდა ჰქონოდა საკუთარი ტბა. ტექნიკა და ყველა ის დახმარება, რომელსაც ითვალისწინებდა შეთანხმება.  მაგრამ მათი მხრიდან დაირღვა შეთანხმება.
სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ქართული სოფლის შემადგენელი ნაწილი ტბა ხელით ამოვთხარეთ. მე, მამამ, მაიკოს ქმარმა (ანუ ჩემმა სიძემ ალეკომ.) იმ პერიოდში რაღაც მიზეზების გამო მეც შემოქმედებითი პაუზა მქონდა. ყველას ახსოვს პერიოდი, რომ არავის რომ არ ეცეკვებოდა. არაფერი ისე არ ხდება ალბათ. მეც თავისუფალი დრო და ჩემი ენერგია სწორედ ასეთი კარგი საქმისთვის გამოვიყენე. გავთხარეთ 60, 30-ზე ნახევარწრე ტბა.,რომლის სიღრმე ცენტრში 3 მეტრია. დეკორატიული თევზები მოვაშენეთ, რომლებიც ყინვას უძლებენ, ეგრეთ წოდებული, ოქროს თევზი. აკვარიუმებში რომ გინახავთ, ისეთი. უბრალოდ ტბაში უფრო დიდები იზრდებიან. დღეს უკვე ისეთი რაოდენობით არიან, როდესაც საკვებს ვუყრით, ტბა წითლდება. ის ხრიოკი ადგილი ახლა პატარა ოაზისსჰ გავს. ტბის ირგვლივ კიპარისები დავრგეთ, ხეხილი, ვენახი… მართლაც, საუცხოო სანახაობაა. იშვიათი სილამაზე. დიახ, ადრე აქ ხშირად ჩამიტარებია ფესტივალები. ფესტივალის ჩატარებას წელსაც ვგეგმავ და ამისთვის უკვე ვემზადები.
– შვილებს თუ გამოყვათ მამის ნიჭი…
– ჩემს შვილებს რაც შეეხებათ, აქვთ მათ ცეკვის ნიჭი. თანამედროვე კომპიუტერული ხანის ბავშვები სხვა ნიჭის პატრონებიც არიან და ვნახოთ, როგორ არჩევანს გააკეთებენ. ჯერ სავალდებულო ჯარს იხდიან ჩემი შაკო და ჩემი დის შვილი მორისი. მათ შორის ორი თვეა სხვაობა. ტყუპებივით არიან.
– შემოქმედებითი მიზანი… სამომავლო გეგმები.
–  ფესტივალის ჩატარების გარდა, რომელზეც უკვე გითხარით, ჩემი მიზანი, რასაც ვაჟღერებ, უკვე დიდი ხანია არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ისეთი კლუბი, სადაც იქნებოდა სრულყოფილად და კარგად წარმოდგენილი ის კულტურა, რასაც ჰქვია ლათინოამერიკული ცეკვები და მუსიკა. საუბარია უმაღლესი დონის ცეკვებზე, იქვე მოხდება ამ ცეკვების შესწავლა. სადაც იქნება  კუბელების ჩამოყვანის შესაძლებლობა, და არა მარტო კუბელებისა… ნებისმიერი ლათინური ქვეყნის მაცხოვრებლებისა.
ასეთი კლუბი ჩვენ არ გვაქვს. სხვადასხვა დროში, ასევე ყველა მთავრობის დროს ჩემი იდეით  ბიზმესმენები იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ სულ რაღაც იცვლება და ჯერ არ მოუწია საბოლოო განხორციელება. ლათინოამერიკული კულტურა ჩვენთან ნელ-ნელა შემოდის. ამაში მე და ჩემს დას ლომის წილი მიგვიძღვის. რაც დრო გადის,  ახალგაზრდები მით მეტად ინტერესდებიან  ლათინოამერიკული ცეკვების შესწავლით. ისე ამ საქმის პოპულარიზაციას „ცეკვავენ ვარსკვლავები“ პროექტმაც კარგად შეუწყო ხელი. კარგად გამოჩნდა, თუ რა პოტენციაა ამ ცეკვებში, როგორ ახლოსაა იმ ცეცხლით ქართულ მენტალიტეტთან. ეს პროექტი ამ მხრივაც მეტად საინტერესოა. მინდა მივულოცო ზურაბ მანჯავიძეს, ბოლო გამარჯვებულს და წარმატებები ვუსურვო ჩემს ძმას და მეგობარს. თუმცა მაქვს ერთი პასუხგაუცემელი კითხვა: სულ მაინტერესებს, რატომ არასდროს არ მიმიწვიეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ “მსაჯად”. რატომ არასდროს არავის გავახსენდი. მეტი არაფერი.

ირმა მირზაშვილი

10945106_914206558613525_837517457_n

10947754_914206548613526_1170952087_n

10937396_914208481946666_941650061_n

10937787_914208495279998_1766244318_n

10941810_914208488613332_2058965313_n

10945311_914208491946665_91514504_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები