დარწმუნებული ვარ, ლექსო ჭიკაიძე დამოუკიდებლად არ არის ამ გადაწყვეტილების მიმღები – პეტრიაშვილი

დღეს ხელისუფლება ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ მეისრეების “შემოთავაზებით”, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიშვილი შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის გადაწყვეტილებას.

“ეს იყო მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ხელისუფლება ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ მეისრეების “შემოთავაზებით”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლექსო ჭიკაიძე დამოუკიდებლად არ არის იმ გადაწყვეტილების მიმღები და იმ ასე ვთქვათ, ძალის, გავლენის მქონე ფიგურა, რომელსაც მხოლოდ და ეულად ხელეწიფებოდა კონკრეტული პიროვნებების დაფარვა, ან მფარველობა და, ასე შემდეგ… აქ საქმე უფრო სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს, ყველამ იცის და აღიარებულია, რომ პროკურატურის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გაჭიანურდა ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმეების გამოძიებაც კი, როგორიც არის 2006 წლის ე.წ. სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპა ზურა ვაზაგაშვილი. ჭიანურდება ძალიან ბევრი სხვა საქმეც. მაშინ, როდესაც რეალურად ძალიან სწრაფად და “ოპერატიულად” სრულდება პოლიტიკური დაკვეთები. ყველამ კარგად იცით, რომ მე ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ე.წ. კაბელების საქმეს, ამიტომაც ჩვენ მოვითხოვთ და აუცილებლად დადგება პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ასევე გამოსაძიებელია ხელისუფლების უმაღლლესი ეშელონების ჩართულობა, თანამონაწილეობა, პასიურობა, თუ უპასუხისმგებლობა კონკრეტულად ვაზაგაშვილების საქმესთან მიმართებაში”, – აცხადებს პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები