სამეგრელოს რეგიონის ახლად აშენებულ კორპუსებში ბინების მიღების მსურველთა მონიტორინგი მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია და სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია ზუგდიდში მონიტორინგის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განცხადების (აპლიკაცია) მიღება 2014 წლის პირველი მაისიდან – 2014 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები გამოქვეყნდა სამინისტროს ვებგვერდზე.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია, რასაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა მათთვის წინასწარ მინიჭებულ ქულებზე. სამინისტროს თანამშრომლები ყველა დევნილი ოჯახის მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსების მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 თებერვალს დასრულდება. მანამდე კი მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები მიღებული განაცხადების მონიტორინგის შედეგებს ადგილზე ეცნობიან.
მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის რაიონში რამდენიმე ობიექტი მოინაცულა,სადაც დევნილები ცხოვრობენ, ესენია: ზედა ეწერის, ჯვრის, ჩხორიას, გრიგოლისის, ოდიშის, ინგირის, შამგონას და ახალი აბასთუმნის დევნილთა ჩასახლებები, სადაც პირადად გაესაუბრა იქ მცხოვრებ ოჯახებს. შოთა რეხვიაშვილი იმ ნგრევად ობიექტზეც, ე.წ „კარვის ჩასახლებაშიც“ იმყოფებოდა, საიდანაც სამინისტრო დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში ავტომატურად გადაიყვანს. ნგრევად ობიექტში 30 – მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
სამინისტროს ხელმძღვანელი პირები მონიტორინგის შედეგებს ყოველთვის ადგილზე ეცნობიან და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.