უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში ელბაქიძის აღმართი გადაიკეტება – მერია ტერიტორიაზე სამუშაოებს იწყებს
უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში ელბაქიძის აღმართი გადაიკეტება – მერია ტერიტორიაზე სამუშაოებს იწყებს ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება. ამის მიზეზი აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილის დაზიანება გახდა.
ელბაქიძის აღმართზე გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 11:00 საათზე ჩაინგრა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აიკრძალა. შემთხვევიდან მალევე ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის, მერიის კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის დაზიანებული ნაწილი დაათვალიერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ნარმანიას თქმით, გზის დაზიანების მიზეზების დადგენის, ტერიტორიის გაწმენდისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.
„უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გზა მთლიანად უნდა ჩავკეტოთ, რათა ხიმინჯების ჩასხმა დავიწყოთ, შემდეგ დაიწყება კედლის მშენებლობა, რაც გზის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. საპროექტო სამუშაოები სწრაფად დაიწყება. თბილისის მერია დღესვე მიმართავს დედაქალაქის საკრებულოს, რომ მივიღოთ გადაუდებელი სამუშაოების სწრაფად დაწყების თანხმობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, გზის აღდგენის სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. სუდაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ.
“კვირას“ კორესპონდენტი, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, დაინტერესდა, თუ რა პრევენციულ ზომებს მიიღებს მერია, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის სხვა უბნებში აღარ განმეორდეს.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, შესაბამისი სამსახურები თბილისის ყველა უბანში ახორციელებენ ზედამხედველობას შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა უბანში ზედამხედველობის სამსახურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეშვეობით, რათა რაიმე სარისკო სიტუაციის გამო მოხდეს ამ რისკის თავიდან აცილება. ეს ის შემთხვევა იყო, როცა თავად მოსახლეობამ დარეკა წყალმომარაგების სამსახურში, თუმცა რეაგირება, როგორც ჩანს, დაგვიანდა. ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ გზებზე და სხვა საინჟინრო ნაგებობებზე, იგივე ხიდებთან მიმართებაში. ხიდების რეაბილიტაციასაც ვიწყებთ, რადგან ხიდების მდგრადობის მაჩვენებელი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ვმუშაობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა და დადგენა შეუძლებელია“, – განუცხადა “კვირას“ დავით ნარმანიამ.
“კვირასთან“ საუბრისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა შესაბამისი სამსახურების დაგვიანებულ რეაქციას დაუკავშირა. ამასთან, ამ ქუჩის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ელბაქიძის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა დაუშვებელია. მათი ვარაუდით, გზის ჩანგრევა სწორედ აღნიშნულმა სამუშაოებმა განაპირობა. ადგილობრივი მოსახლე დიმიტრი წულუკიძე „კვირასთან“ საუბრისას შესაბამის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„მე აქ ვცხოვრობ. დილით 9-ის ნახევარზე მე დავრეკე წყალსადენში და ვუთხარი, რომ მილსადენიდან მაღალი წნევით მოდიოდა წყალი. მილი მანამდეც იყო დაზიანებული. ქუჩაზე სხვა ადგილას ამოხეთქა წყალმა და წყალკანალს ძლივს გავაკეთებინე, ერთი კვირა ვდიე, რომ მიეხედათ. არავინ აქცევს ყურადღებას. მერიაშიც და გამგეობაშიც ყველა გავაფრთხილე, რომ მიეხედათ ამ წუნისთვის. ბოლოს და ბოლოს, ამ სახლის დანგრევა როგორ შეიძლება, აქ ხომ მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. ვფიქრობ, დიდი ალბათობით გზის ჩანგრევა გამოწვეულია ამ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებით, ამ მშენებლობების დაშვება აქ არ შეიძლება. ეს ქუჩა მალე საერთოდ დაინგრევა, მაგრამ რას მოვერევით იმას, ვინც აშენებს. მათთან უძლურები ვართ“,- განუცხადა “კვირას“ დიმიტრი წულუკიძემ.
ტერიტორიული ერთეულის ვერის უბნის სამსახურის უფროსი პაატა მონიავა აცხადებს, რომ ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის დაზიანებამდე, მოსახლეობის მხრიდან რაიმე სახის საჩივარი არ შესულა. მისი თქმით, გზის ჩამოშლამდე რამდენიმე წუთით ადრე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობუსმა გადაიარა და შემდეგ გზა ჩაინგრა.
“მოსახლეობისგან საჩივარი არ შემოსულა, უბრალოდ, შიდა წყალი ქვემოდან რეცხავდა მიწას და ამან განაპირობა, რაც მოხდა. ჩანგრევას არავინ ელოდა. დღეს ავტობუსმა გაიარა და მეტრებში გადარჩა, შეიძლება ჩავარდნილიყო, მსხვერპლი არ ყოფილა“,- განუცხადა “კვირას“ პაატა მონიავამ.
მონიავა გამორიცხავს, რომ გზის ჩამოშლა მიმდინარე სამშენებლო პროცესებს უკავშირდებოდეს. “კვირასთან“ საუბრისას, მონიავას მსგავსად, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემაც განაცხადა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ელბაქიძის ქუჩის მობინადრეებს გამგეობისთვის აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის საჩივრით არ მიუმართავთ.
მისი თქმით, ელბაქიძის აღმართზე მომხდარი შემთხვევის შედეგად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
„გამგეობისთვის მოსახლეობას რაიმე სახის საჩივრით არ მოუმართავს. ჩვენთან რომ ყოფილიყო შემოსული რაიმე საჩივარი, რეაგირება იქნებოდა. ამ დროსათვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს. ყველა სამსახური მობილიზებულია და კომისიაში ყველა სპეციალისტია ჩართული. ძალიან დიდი ხნის აშენებული კედელი გადაინგრა, რამაც სატრანსპორტო გზაც ჩაიყოლა“, – განუცხადა “კვირას“ გელა არჩვაძემ.
საავტომობილო გზის მარჯვენა მხარის უეცრად მოწყვეტის შედეგად, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი დაზიანდა.ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“.
როგორც “კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ, სადაც დღეს დილით გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.
საავტომობილო გზის მარჯვენა მხარის უეცრად მოწყვეტის შედეგად, დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი. ამჟამად, კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, წყალსადენის შესაბამისი ქსელების წყლისგან დაცლის მიზნით კი, გადაკეტილია წყალმომარაგება.
“ჯავახიშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი დღეს დილით უეცრად ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ „ცხელ ხაზზე“ შეტყობინების შესვლისთანავე, კომპანიის საავარიო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. ჯავახიშვილის აღმართის აღნიშნული მონაკვეთიდან, კომპანიის „ცხელ ხაზზე“ დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.
ჯავახიშვილის აღმართზე დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდა:
ჯავახიშვილის აღმართს, ქიჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, ასევე მარჯანიშვილისა და საქანელას ქუჩების მცირე ნაწილს და სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას“.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება, მაქსიმალურად სწრაფად დაასრულოს სამუშაოები და ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით გაცნობებთ“, – აცხადებდნენ კომპანიაში.
“კვირა“ დაინტერესდა, როდის ჩატარდა ელბაქიძის აღმართზე სარემონტო სამუშაოები.
დედაქალაქის ყოფილმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და ძველი თბილისის ყოფილმა გამგებელმა დავით ავალიანმა „კვირასთან“ საუბრისას ვერ გაიხსენეს, როდის ჩაუტარდა ელბაქიძის აღმართს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ავალიანი ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტზე წლების წინ, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით გაზის მილები დამონტაჟდა.
„ელბაქიძის აღმართზე მდებარე ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს დასჭირვებია, თუ ქვაფენილი დაზიანდებოდა, ან მწყობრიდან ამოვარდებოდა, ხდებოდა ქვაფენილის აღდგენა. იმ მხარეზე, სადაც დღეს მიწაც ჩამოიშალა, მხოლოდ ერთი სახლი და 7 თუ 8 ოჯახი იყო დარჩენილი. მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ გაზი არ მიეწოდებოდათ. ამიტომ გამგეობის დახმარებით ამ ოჯახებს გაზის მილები დავუმონტაჟეთ და ბუნებრივი აირი შევუყვანეთ სახლებში.
ეს დაახლოებით 2010 – 11 წლებში მოხდა“, –განაცხადა დავით ავალიანმა. ყოფილი გამგებელი დღევანდელ შემთხვევასაც გამოეხმაურა და სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა.
„ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წყალი, რადგან გრუნტი თავისით არ იშლება. მაგრამ ამას დადგენა სჭირდება, გრუნტის წყალი იყო თუ კომუნიკაციის წყალი. ალბათ, ამ ფაქტს კომისია შეისწავლის“, – განუცხადა “კვირას“ დავით ალავიანმა.
ელბაქიძის აღმართის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, თბილისის მერიამ ექსპერტიზის ჩასატარებლად შპს „ლაბორატორიას“ მიმართა, რომელმაც შესაბამისი მოქმედებები უკვე დაიწყო.