„ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ თავშეკავებული პოლიტიკა აქვს“

ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ თავშეკავებული პოლიტიკა აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა.
„პუტინის რუსეთი დღეს არის სახელმწიფო, რომელიც სამწუხაროდ, საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს სისტემატურად არღვევს, რომელიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის დღეს დიდი საფრთხეა. ეს არის ქვეყანა, რომელიც არა მარტო ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპანტია, არამედ ანექსიისკენ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს. ჩემი პირადი მოსაზრება იქნება, რომ იარლიყების მიწებებაზე ნაკლებად ვიფიქროთ, მაგრამ გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის მთავრობის აზრიც. პრემიერ-მინისტრმა დღეს ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის პრიორიტეტები, რაც საქართველოს აქვს და ის გამოწვევები, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მინისტრი არ იზიარებს პოზიციას, რომ საქართველო რუსეთთან თავშეკავებულ პოზიციას აწარმოებს.
„ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ თავშკავებული პოლიტიკა აქვს. საქართველოს რუსეთის მიმართ ისტერიული პოლიტიკა ნამდვილად არ აქვს. საქართველო რუსეთთან დაკავშირებით ყველა იმ შესაძლებლობას იყენებს, რასაც ჩვენ საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატები გვაძლევს. ქვეყანა ამ ყველაფერს გააფართოებს და მომავალი წლის განმავლობაში უფრო აქტიური, ფორსირებული მუშაობა იქნება“,- აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
ამასთან, მინისტრი რუსეთთან რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხზე მცირედი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ღია ცის პოლიტიკის საკითხი არ შეცვლილა.
„ამ საკითხზე შეხვედრის შედეგები შესაბამისმა სამსახურებმა თქვენ უკვე მოგახსენათ. ეს საექსპერტო მოლაპარაკება იყო, შეგიძლიათ შესაბამის უწყებას მიმართოთ და პასუხს მიიღოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე რეგულარული ფრენები კვირაში 18/18 სიხშირით განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები