საახალწლოდ ხორცზე და რძის ნაწარმზე კონტროლი მკაცრდება – სად უნდა შევიძინოთ პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტო საახალწლოდ ბაზრებში პროდუქტზე კონტროლს ამკაცრებს – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიგა ქურდოვანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, უწყების თანამშრომლები წინაასაახალწლოდ განსაკუთრებულ ყურადღებას ხორცპროდუქტებზე და რძის ნაწარმზე გაამახვილებენ. გიგა ქურდოვანიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ პროდუქტები გარე ვაჭრობის ტერიტორიაზე არ შეიძინონ.
„საახალწლოდ, როდესაც ვაჭრობა მატულობს, შესაბამისად, მოვაჭრეთა და მყიდველთა რიცხვიც მატულობს. ამ პერიოდში ყურადღება მკაცრად გამახვილდება განსაკუთრებით ხორცპროდუქტებზე და რძის ნაწარმზე. კატეგორიულად ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ გარე დახლებზე გამოტანილი მალფუჭებადი პროდუქტების შეძენისგან. ამან შესაძლებელია, მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მოსახლეობას მივმართავთ, რომ ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი ისეთ ადგილებზე შეიძინონ, სადაც ვარგისიანობა გარანტირებულია. რაც შეეხება გარე ვაჭრობას, ცხადია, მისი კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, მოვახერხოთ წინაასახალწლო პერიოდში მოსახლეობის მოწამვლის რისკის მინიმუმამდე დაყვანა“, – აღნიშნა გიგა ქურდოვანიძემ „კვირასთან“ საუბრისას.