„საია-ს პრიორიტეტები უცვლელი დარჩება”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრიორიტეტები უცვლელი დარჩება, – ამის შესახებ ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა პოზიციაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს ყველა დარღვევას, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებებს, სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
“ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიოა, რადგან ხელმძღვანელობ ორგანიზაციას, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში 20 -წლიანი წარმატებული მოღვაწეობის ისტორია აქვს. მას სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს სამოქალაქო სექტორში. საია არის ორგანიზაცია, სადაც სწამთ, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი კანონის წინაშე. ორგანიზაცია ამ პრინციპების სადარაჯოზე იდგა 20 წლის განმავლობაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას. შევეცდებით, რომ ეს საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი სფერო მოვიცვათ. ბუნებრივია, ყველა დარღვევაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებებს, სწრაფი და ადეკვატური რეაგირება გვექნება – არასათანადო მოპყრობა, ძალის გადამეტება, უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შრომითი უფლებები თუ სხვა. ჩვენ პრიორიტეტად დარჩება ინსტიტუციურ რეფორმებში ჩართულობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ კონკრეტული ადამიანის უფლება, არამედ ხელი შევუწყოთ რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას მყარი და პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტები”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი ორგანიზაციის მეთერთმეტე თავმჯდომარეა. საია-ს წესდების თანახმად, თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის შემადგენლობიდან აირჩევა.
ანა ნაცვლიშვილი 2011-2012 წლებში დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტში სწავლობდა. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.
2002-2006 წლებში თსუ-ში სწავლობდა, მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის აკადემიური ხარისხი.
2003-2004 წლებში საია-ს იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი გაიარა.
ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე 2013 წლიდან საია-ს საპარლამენტო მდივნად მუშაობდა, ის ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და საია-ს განათლების ხელშეწყობის ფონდში. 2012-2013 წლებში ნაცვლიშვილი ვენასა და პოლონეთში ეუთო-ში და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში სპეციალისტად მუშაობდა. 2011-2012 წლებში დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში ასოცირებული მკვლევარის პოზიცია ეკავა. ამასთან, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კოორდინატორად. 2008-2010 წლებში საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში რეგიონული პროექტის კოორდინატორად მუშაობდა. გარდა ამისა, სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში – კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში. ანა ნაცვლიშვილი არის არა ერთი კვლევის ავტორი და თანაავტორი, სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელთან.