თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სანტა – კლაუსები გამოჩნდებიან
თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სანტა – კლაუსები გამოჩნდებიან და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ – ეს იმ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საახალწლოდ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები თბილისელებს ჰპირდებიან.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საახალწლო ღონისძიებების პროექტი განიხილეს.
სხდომაზე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს დეტალურად წარუდგინეს იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც თბილისში საახალწლოდ გაიმართება.
პროექტის თანახმად, სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიება დედაქალაქში 25 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრამდე გასტანს. პროექტის მიხედვით, თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სანტა – კლაუსები გამოჩნდებიან და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ, მოძრაობის თეატრი კი სხვადასხვა წარმოდგენას გამართავს, ქუჩებში მოეწყობა კარნავალებიც, რიყეზე კი ყინულის მოედანი დამონტაჟდება, სადაც ჰოკეის მატჩები და ფიგურული სრიალის წარმოდგენა მოეწყობა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრების თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსახლეობის საახალწლო განწყობის შექმნისთვის აუცილებელია. კომისიამ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს უახლოეს ბიუროს სხდომაზე გავა.