„სოლიდარობა დაგვიცავს ჩვენ“ – სტუდენტების სოციალური რგოლი ძალადობის წინააღმდეგ (ვიდეო)
„სოლიდარობა დაგვიცავს ჩვენ“ – ამ სათაურით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა სოციალური რგოლი მოამზადეს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე – „არა ძალადობას“ წარადგენენ.
სტუდენტების მიერ მომზადებული სოციალური რგოლის ქრონომეტრაჟი წუთსა და 27 წამს ითვლის. მისი სიუჟეტი კი გადმოგვცემს, თუ რამდენად გულგრილია ადამიანი ძალადობისადმი მანამ, სანამ თავად არ აღმოჩნდება ძალადობის მსხვერპლი.
კლიპში მონაწილე ყველა ადამიანი პრაქტიკულად უწონადობის მდგომარეობაშია და მათ თვალებზე საძილე ნიღაბი აქვთ აფარებული. კლიპის იდეის ავტორი ანუკი ბურდულია.
ფილმის გადაღება თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფის მონაწილეების თქმით, ჯგუფში რამდენიმე სცენარი იყო. თუმცა, საბოლოდ ამ ფაბულაზე შეთანხმდნენ.
„რგოლის მომზადებაში მთელი ჯგუფი ჩაერთო და გადასაღებ მოედანზე სრული შემოქმედებითი განწყობა სუფევდა. გარდა ამისა, საინტერესო იყო, როდესაც ერთი ფრაგმენტის გადასაღებად მეორე სართულის აივნის რაკურსი გვჭირდებოდა, სამ სახლში არავინ დაგვხვდა და ბოლო სადარბაზოში “გაგვიღეს კარი”. ეს კი, ბატონი რობერტ სტურუას დის ოჯახი აღმოჩნდა. ძალიან გაგვიხარდა, რომ, პირდაპირ თუ ირიბად, დიდ კინემატოგრაფს შევეხეთ“, – ამბობენ სტუდენტები.
ანუკი ბურდული, სტუდენტი: „მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ფილმებისთვის არ იყო კონკურსი, იმედი მაქვს, რომ შსს მაინც დააფასებს ჩვენს დამოკიდებულებას ძალადობისადმი. მიგვაჩნია, რომ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ყველას, რომ ამით შემდგომში დავიცვათ საკუთარი თავი ძალადობისგან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალადობის ფაქტების მიმართ ჩვენი პროტესტი უფრო ხმამაღალი ყოფილიყო, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ პირად საუბრებში გამოხატული უკმაყოფილება. ლექციებზეც მუდმივად განვიხილავდით და, საბოლოოდ, სოციალური ვიდეორგოლის გადაღება გადავწყვიტეთ. ის ფორმა, რომლითაც გამოვხატეთ ეს ყველაფერი, მომაფიქრდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძილის რეჟიმში. ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ირგვლივ ძალადობა ხდება, რადგან გვგონია, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და არ გვეხება, თუმცა, როგორც კლიპის გმირს დაემართა, ისევე შეიძლება თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი, თუკი ერთმანეთს არ დავიცავთ, ასეთი ძალადობის ფაქტებს არ გამოვეხმაურებით და არ ვიქნებით სოლიდარულები. იმედი მაქვს, რომ ბოლო პერიოდში დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანიები საზოგადოებაში ჩამოაყალიბებს აზრს, რომ ძალადობა დაუშვებელია, და თუკი ეს ხდება, მაშინ ეს თითოეული ადამიანის საქმეა.“
თამარ ბელქანია, უნივერსიტეტის ლექტორი: „აუცილებელია მედიასკოლებს მიეცეთ საშუალება, მოკლე ფილმებით მონაწილეობა მიიღონ აქციაში: „არა ძალადობას“. ისინი ერთ სიუჟეტს თუ ერთ რადიოგადაცემას ვერ გააკეთებენ, რადგან გუნდია. ეს ხელს შეუწყობს მედიასკოლების განვითარებას, წახალისებას და სამოქალაქო პოზიციის მედიით დაფიქსირებას“.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vT5gJZ_O-do&feature=share” width=”560″ height=”315″]