თსუ-ის სტუდენტები „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გაშენების სამუშაოებს გაეცნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები კვლევითი პროექტის ფარგლებში გაეცნენ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისა და მიწის მოწყობის პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. სამუშაოები მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.

“თსუ-ის 15 სტუდენტით დაკომპლექტებული ჯგუფი ბათუმში შეხვდა პროექტის ხელმძღვანელებს, რომელთაც სტუდენტებს ადგილზე დაათვალიერებინეს და გააცნეს მიმდინარე სამუშაოები.

თსუ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის, დოქტორანტ ირმა მაკალათიას  თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი  ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბათუმის შესასვლელში, ხელოვნური ინფრასტრუქტურის განაშენიანება თანამედროვე ჭკვიანი ქალაქის პრინციპით მიმდინარეობს.

“სტუდენტებსა და პროექტის ხელმძღვანელებს შორის გაიმართა დისკუსია და მისასალმებელია, რომ  კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სანაპიროზე არსებული  ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას და მწვანე ქალაქის განვითარების კონცეფციას.“- განაცხადა ირმა მაკალათიამ.

თსუ-ის კვლევითი პროექტის ფარგლებში საველე სამუშაოებს მენტორობას უწევდა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორიის გამგე, დოქტორი ნოდარ წივწივაძე.

თსუ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამუშაოები თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილობრივი ეკოსისტემის თავისებურებების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, თსუ-სა და „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რომელიც ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ხელოვნური კუნძულის გაშენების სამუშაოებში თსუ შესაბამისი მიმართულების სტუდენტების ჩართვას, პრაქტიკის გავლასა და შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს. თსუ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ და დააკვირდნენ თუ როგორია სანაპიროს მდგრადობა, ზღვის დონის ცვალებადობა ეკოლოგია და სანაპიროს ეროზია ხელოვნური ნახევაკუნძულის მშენებლობის პროცესში. მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ინფორმაციას გამოიყენებენ სამეცნიერო სტატიებში, დისერტაციებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები