„France-Presse“-მა პუტინი „წლის ადამიანად“ დაასახელა
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ის ვერსიით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2014 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის სათავეში აღმოჩნდა. რეიტინგის შედგენაში 380 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
სიაში ასევე, რომის პაპი ფრანცისკი, პაკისტანელი უფლებადამცველი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი, „მოსწავლე გოგონები ჩიბოკიდან“, ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი ჯოშუა ვონგი და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოკლული ამერიკელი ფოტორეპორტიორის ჯეიმს ფოლის მშობლები შევიდნენ.
სააგენტო France-Presse-ი მეორე წელია, რაც „წლის ადამიანების“ რეიტინგს აქვეყნებს. 2013 წელს სიის სათავეში ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი აღმოჩნდა. მან თავშესაფარი რუსეთში ნახა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ორჯერ ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგშიც ლიდერობდა, რუსეთის პრეზიდენტი ასევე ჟურნალ Time-ის იდენტურ რეიტინგში მოხვდა.
გარდა ამისა, პუტინი ამ წლის თებერვალში „მსოფლიო რეიტინგ 2013“-ის ვერსიით, მსოფლიოს ნომერ პირველ პოლიტიკოსად აღიარეს. ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა კი 2013 წლის დეკემბერში პუტინი ასევე „წლის ადამიანად“ დაასახელა.