საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ფურელიანი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი სალომე ტყეშელაშვილი.
მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები. ისაუბრეს სამომავლო საერთო კონსტრუქციული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე, რაც მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას და პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა. მათ შორის სასესიო დარბაზები და უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.