ალექსანდრე მარგიშვილი: ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, ამაზე ტენდერს ახალ წელსაც არ გამოვაცხადებთ
თბილისის მერის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ განახორციელა თბილისის მერიამ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით შესყიდვები პირდაპირი და არა – ტენდერის გზით.
„ახალ წელსაც არ გამოვაცხადებთ ტენდერებს იმაზე, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, რადგან, სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს დაადებს, მაგრამ ცუდ სიმღერას შეასრულებს“, – განაცხადა მარგიშვილმა.
მისი თქმით, იაფი არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალია.
“თბილისობაზე“, ისევე როგორც კულტურული ღონისძიებით დატვირთულ თემატიკაზე, საკმაოდ ძნელია ტენდერის გამოცხადება. ტენდერი გულისხმობს ყველაზე იაფი ფასის მომწოდებლის დაქირავებას, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მომღერლებზე, შემსრულებლებზე, ვინც გააფორმებს ღონისძიებას, ანუ მხატვრულ კონტენტზე, საკმაოდ რთული არის ხოლმე დაამთხვიო – ვინც ყველაზე დაბალ ფასს გაძლევს, ამავე დროს, ის შექმნის ისეთ განწყობას და მხატვრულ ღირებულებას, რომელიც მომხმარებელს სჭირდება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა – საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით გამოიცემა გამარტივებული შესყიდვის თაობაზე განკარგულება, რაც შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად შემსყიდველ ორგანიზაციას ათავისუფლებს ტენდერის აუცილებლობისგან. ახალ წელთან დაკავშირებითაც იქნება მსგავსი სიტუაცია, ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერებზე, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, რადგან, სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს დადებს და ძალიან ცუდ სიმღერას შეასრულებს. ასე რომ, იაფი არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალია”, – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.