საჯარო ლექცია – „გარდამავალი პერიოდის ხელოვნება და მისი სტერეოტიპები“ გაიმართება

10 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, არტ კრიტიკოს ხათუნა ხაბულიანის საჯარო ლექცია – „გარდამავალი პერიოდის ხელოვნება და მისი სტერეოტიპები“ გაიმართება.
„გარდამავალ პერიოდად მიიჩნევა პროცესი, რომლის დროსაც წარსულის ინსტიტუციები და სოციალური კავშირები ფუნქციონირებას წყვეტენ, ხოლო ახალი ჯერ კიდევ ფორმირების გზაზეა. ამ ფონზე შექმნილი არტისტული რეაქციები (ან, უბრალოდ, მხატვრული ფორმები) იმ რთული კონტექსტის პროდუქტებია, რომელიც სწრაფად და უწყვეტად იცვლება და თან – უმეტესწილად – პარალელური ანალიზის გარეშე. უახლესი ისტორიის ქართული ხელოვნებაც იმ ფონზე იქმნებოდა და იქმნება – იქ, სადაც ხელოვნების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის პრაქტიკები მწირია. ხშირად ეს ხელოვნება მხოლოდ რომელიღაც სივრცეში დაფიქსირებულ ფაქტად რჩება და უკვალოდ ქრება. საერთაშორისო კონტექსტში წარდგენილი ადგილობრივი ხელოვნება კი მთელი პოსტსაბჭოთა ისტორიის მანძილზე დაკავშირებულია ისეთ სტერეოტიპებთან, როგორიცაა: „განვითარებადი ქვეყნების ხელოვნება“ ან „პოსტსაბჭოთა ხელოვანი“. როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადალახვა? ვინ და როგორ ახერხებს თავი დააღწიოს ამ სტერეოტიპული მოლოდინების გავლენას? ანდა, საერთოდ, რა ხელოვნება იქმნება ჩვენთან?“ ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები