„კაბელების საქმე“ – რატომ ითხოვდა თავდაცვის სამინისტრო საქმეზე გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნას და დაკარგა თუ არა პროექტმა აზრი

                მას შემდეგ, რაც „კაბელების საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით არსებული მისი ყველა ქვედანაყოფის დაქსელვას ახორციელებდა. ეს  გულისხმობს უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ობიექტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და შიდა ქსელის უზრუნველყოფას.

პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გარეშე ძალების მიერ მნიშვნელოვანი რესურსებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

საიდუმლო გრიფი არ მოეხსნა საქმის მხოლოდ 7 პროცენტს, იმ ნაწილს, რაც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას  შეიცავს. ეს არის: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის კოორდინატები, კოორდინატების მონაცემები, ასევე საიდუმლოდ რჩება ის ტექნიკური მაჩვენებელები, რაც აღნიშნულ კაბელს გააჩნია.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვქონდა, რამაც სახელმწიფო მილიონობით ლარით აზარალა, პროექტი გაგრძელდება.

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი ალასანია და მისი თანაგუნდელები კი დღეს ირწმუნებიან, რომ  .. კაბელების საქმის აღძვრის შემდეგ პროექტის განხორციელებამ აზრი დაკარგა, რადგან ჩვენმა მოწინააღმდეგემ ახლა უკვე ძალიან კარგად იცის, როგორ საკომუნიკაციო საშუალებებს ქმნიან შეიარაღებული ძალები.  თუმცა, საინტერესოა, თუკი ასეთი რისკი არსებობდა, თავიდანვე დაჟინებით რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი საქმის განსაიდუმლოებას და მისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას?

10822344_848283665195208_1170561674_nმაინც, რამდენად არსებობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტის „ჩავარდნის“  საფრთხე?  რა დანაშაულებრივ სქემასთან გვქონდა საქმე და რას გულისხმობს კორუფციული სქემა, რაც პროკურატურამ გამოავლინა?

ამ და საქმის დღემდე უცნობი დეტალების შესახებ „კვირას“  პროკურორი ჯარჯი წიკლაური ესაუბრა.  ის  ამბობს, რომ  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს პერსპექტივა არ აქვთ,  რომ მათ  არგუმენტირებულად ედაონ, რადგან პროკურატურას არაერთი პირდაპირი მტკიცებულება აქვს, რაც  დანაშაულს ადასტურებს.

თავდაცვის უწყების საიდუმლო პროექტი

მას შემდეგ, რაც საქმეს გრიფი „საიდუმლო“ აეხსნა, საქმის პროკურორი მედიასთან უკვე ღიად საუბრობს სტრატეგიული პროექტის იმ ნაწილზე,  რომელიც განსაიდუმლოვდა.

იმისთვის, რომ  ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მონაცემები  და რესურსები მტრისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს, ცოტა ხნის წინ თავდაცვის  უწყებამ   საქართველოს მასშტაბით მისი ყველა ქვედანაყოფის დაქსელვის გადაწყვეტილება  მიიღო, ანუ უნდა მოხდეს, სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფში  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა და მათი შიდა ქსელის უზრუნველყოფა.  ეს ნიშნავს იმას,  რომ თავდაცვის სამინისტროს ექნება საერთო მონაცემთა გაცვლის ელექტრონული ბაზა, მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა,  რაც თავისთავად საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და ის აუცილებლად გაგრძელდება.
როგორ კეთდება ეს?
წარმოიდგინეთ,  მთელი საქართველოს მასშტაბით შენდება სპეციალური მაგისტრალი, კეთდება მიწათხრილი, სადაც გადის სპეციალური მილები  და ხდება  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების  განთავსება. ეს კაბელები თავისთავად სხვადასხვა წვეროებისგან შედგება, რაც  ქმნის ინფორმაციის გადაცემის  და გაცვლის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ აქამდე თავდაცვის სამინისტრო  საქართველოს რკინიგზაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით სარგებლობდა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გაყვანილი.  გარდა ამისა,  სხვადასხვა უწყებებს აქვთ თავიანთი დაქსელვა, ელექტრონული  ბაზები და იყენებდა  მათ რესურსს.

ამ ახალი პროექტის  შემთხვევაში კი, თავდაცვის უწყებას უკვე  ექნება საკუთარი ქსელი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ უკავშირდება.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს საქართველომ ძალიან დიდი ზიანი მიიღო იმის გამო, რომ მტრისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი  მნიშვნელოვანი  საინფორმაციო  რესურსები და მონაცემები. ეს პროექტი სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციას ისახავს მიზნად.

 თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვა და არარეალური ვადები

2013 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტრომ ბაზრის საკვლევად,  შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად,  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ  საკითხს ამჟამად დაკავებული, უწყების თანამდებობის პირები: გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და  დავით წიფურია კურირებდნენ. მათ შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად, ,,სილქნეტთან“ ერთად, მოწვევა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნეს, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა  5 სექტემბრამდე მიეცათ.   პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ამ მოცულობითი სამუშაოს შესასრულებლად მათთვის მიცემული იყო არარეალურად  მოკლე დრო – 10 დღე!
ამ  მიზეზით პროექტისთვის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა 9-დან მხოლოდ 4-მა კომპანიამ შეძლო.  ესენია:  „დელტა-კომი“,  შპს “სპეცკავშირმშენი“,  შპს „გრინ-პროჯექტი“, „ოპტიკ-ლაინი“ და  „სილქნეტი“.

პროკურატურის ინფორმაციით, მცირე დროის გამო  ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა  ვერ მოახერხეს:  შპს „სისტემებმა“,  შპს „ნიუტეკმა“ და, შპს „ახალმა ქსელებმა“.

„თავდაცვის სამინისტრომ  ეს კომპანიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ  არაგონივრულად მცირე ვადები მისცა. შეუძლებელია ათ დღეში ისეთი მასშტაბური პროექტის  დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინო და  საქართველოს მასშტაბით მაგისტრალის აგების პროექტი შექმნა… ეს, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოუდგენელია!  რაც  დადასტურდა იმით, რომ ვერც ერთმა კომპანიამ ვერ მოასწრო დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა“,  – განმარტა „კვირასთან“  საქმის პროკურორმა.

დანაშაულის სქემა

რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის სქემას და  იმას, თუ რატომ მიიჩნევს გამოძიება,  რომ შესყიდვა უკანონოდ წარიმართა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა  „სილქნეტის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხები გაფლანგეს,  რამაც სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ  4 102 872 ლარით დააზარალა.

cms-image-000029061ფაქტი-1: საქმის პროკურორის განცხადებით, როდესაც პირველადი შესყიდა გამოცხადდა, ის თავდაცვის სამინისტროსთვის ცალკე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგებას, მისი შესაბამისი კაბელით ამ კაბელში შესაბამისი წვერების უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა, მოგვიანებით შესყიდვის პირობები და ობიექტი რატომღაც შეიცვალა, რამაც ამ პროცესში მონაწილე კომპანიები არათანაბარ სიტუაციაში ჩააყენა.

„აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ: თვითონ მაგისტრალი. ის ასეულობით კილომეტრზე განთავსებული მიწათხრილია. ეს არის უძრავი ქონება.  როგორც წესი, რკინა-ბეტონით კეთდება საკომუნიკაციო ჭები, მათ ერთმანეთთან აკავშირებს სპეციალური მილები. ამ მილებში ხდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განთავსება (ჩადება). შესაბამისად, მთავარი ამ პროექტში იყო  მაგისტრალი.  ის ძირითადი ქონებაა. მას  ექსპლუატაციის ვადა არ გააჩნია. ის მთავარი აქტივი და მთავარი ღირებულებაა.

შესყიდვაში ყველა კომპანიამ იცოდა პირველადი, მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომ  ეს კონკრეტული შესყიდვა  მაგისტრალის აგებას გულისხმობდა,  თავისი კაბელით და ყველა მონაცემით, რაც, საბოლოოდ,  თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო.

სწორედ აქედან გამომდინარე, ოთხივე კომპანიამ  უწყების  მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინა სხვადასხვა ხარჯთაღრიცხვა და დააფიქსირა საკუთარი ფასი.  ეს თანხები დაახლოებით 8 -დან 10 მილიონ  ლარამდე მერყეობდა“,  – განაცხადა „კვირასთან“ საქმის პროკურორმა.
თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტრომ  მოგვიანებით  თავდაპირველი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის პირობები შეცვალა და მაგისტრალის ნაცვლად  ტენდერში გამარჯვებულ „სილქნეტთან“   ხელშეკრულება  მხოლოდ  მაგისტრალში არსებული კაბელის განსაზღვრული რაოდენობის წვერების შეძენაზე გააფორმა. მთავარი უძრავი  ქონება – მაგისტრალი კი  „სილქნეტის“ საკუთრებაში აღმოჩნდა,   ანუ, შეიცვალა შესყიდვის რეალური ობიექტი.
„მთავარი საკვანძო საკითხი სწორედ ამაში მდგომარეობს. „სილქნეტს“  ამ მაგისტრალის აგება თავად სურდა და თავდაცვის სამინისტროსთან უკანონო გარიგებაში შევიდა.  გამოძიების ამ ეტაპზე სწორედ ეს დანაშაული იკვეთება.

გამოდის, რომ ამ,  უკვე ხელმოწერილი  პროექტის თანახმად,  „სილქნეტი“  და თავდაცვა ერთობლივად ააგებენ მაგისტრალს, თავდაცვა დახარჯავს მთელი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის დასახელებული თანხის დაახლოებით 70 პროცენტს და მთავარი ქონება – მაგისტრალი რეალურად არა მას, არამედ  „სილქნეტს“ დარჩება!

წარმოიდგინეთ,  დღეს  ამ გარიგებით კაბელებიც კი „სილქნეტის“ საკუთრებაში აღმოჩნდება  და თავდაცვას აქედან მხოლოდ რამდენიმე წვერი რჩება.
რომ დავყოთ ეს პროცენტულად, გამოდის, რომ  პირობითად  100 პროცენტიდან თავდაცვა მხოლოდ 26 პროცენტის ქონებას წაიღებს უკან.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღსანიშნავია, რომ ეს  ჩვეულებრივი კაბელებია, რომელსაც  თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს – 20 წელი.  20 წლის შემდეგ კაბელი ფუნქციას კარგავს. თავდაცვა იძულებული გახდება,  ხელახლა გამოცვალოს ის და მაგისტრალში ახალი კაბელების გაყვანა მოხდეს.   შესაბამისად,  უწყება  იძულებული იქნება, ხელახლა გასწიოს  ხარჯები.   არადა,  პროექტი პირველადი წესით რომ განხორციელებულიყო,  მაგისტრალი თავდაცვას დარჩებოდა.

სწორედ ამაში მდგომარეობს ამ გარიგების უკანონობა, რაც, ერთი შეხედვით,  შეიძლება ძალიან რთული დასანახია,  მაგრამ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი, ვინც საქმეს დეტალურად  გაეცნობა,  დარწმუნდება,  რომ ეს არ არის ვიღაცის გულუბრყვილობით,  ან დაუდევრობით დაშვებული შეცდომა. ეს არის ძალიან კარგად, მიზანმიმართულად  დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაული“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

ფაქტი-2:   რაც შეეხება შესყიდვის პროცესში კომპანიების  არათანაბარ პირობებში ჩაყენებას,  პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ეს პროცესი თავიდანვე  დარღვევით წარიმართა.

ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ  როდესაც კომპანიებმა საკუთარი პაკეტები წარადგინეს, პრეტენდენტებს, მოთხოვნის მიუხედავად,  ერთმანეთის შეთავაზებები არ  გააცნეს.   დასახელდა მხოლოდ ფასები და არა შინაარსობრივი მხარე.

cms-image-000028892„თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადაიხედა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები“, –  ამბობს პროკურორი.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, აღმოჩნდა, რომ „სილქნეტმა“  სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი თანხა დაასახელა. ხოლო კომპანიამ  დაბალი ფასი  სწორედ იმიტომ წარმოადგინა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესყიდვის პირობები შეიცვლებოდა,  მაგისტრალი მის საკუთრებაში დარჩებოდა, უწყებას კი მხოლოდ კაბელის წვერებს გადასცემდა.

„რა წინადადებაც „სილქნეტმა“ წარადგინა, მისი შინაარსი რეალურად  სხვა კომპანიებს დაუმალეს,  რა გამოდის ანუ? სხვა კომპანიებმა მაგისტრალის აგება  თავის თავზე იტვირთეს   და ამიტომ ძვირი ფასი დააფიქსირეს და  „სილქნეტმა“ შედარებით დაბალი ფასი წარადგინა. გამოვიდა, რომ კომპანიები არათანაბარ პირობებში ჩააყენეს.  

კიდევ ერთი დეტალი:  შესყიდვაში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია  „დელტაკომი“  „დელტაკომი“ (ტენდერის ერთ-ერთი პრეტენდენტი კომპანია) დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს. „დელტაკომს“ იმ მიმართულებებით, რა მიმართულებითაც თავდაცვა  მაგისტრალის აშენებას გეგმავდა,  უკვე დაწყებული ჰქონდა სამუშაოები და უფრო მეტიც, მას  60 პროცენტის სამუშაოები უკვე შესრულებული ჰქონდა!
ანუ,  „დელტაკომს“ ფაქტობრივად უკვე იმ მომსახურების მზა პროდუქტი ჰქონდა, რასაც თავდაცვა ითხოვდა.

 თუნდაც,  ეს მარტივი არგუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ   თავდაცვის მიზანი ის კი არ იყო,  რომ ეფექტურად და ეკონომიურად გამოეყენებინათ ხარჯები, არამედ მათ ქმედებებში ჩანს, რომ უპირატესობა არამართლზომიერად, უკანონოდ მიანიჭეს „სილქნეტს“ და  უდიდესი სამუშაოები დაუფინანსეს,  ფაქტობრივად არაფრის გამო!

პირდაპირ გეტყვით,  რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება სწორედ „დელტაკომის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო,  მათ ჩვენს უწყებას წერილობით მომართეს და  ამის მერე მიეცა ამ საქმეს მსვლელობა.  ალბათ, ამის გარეშე კორუფციის ეს დიდი  ფაქტი შეიძლება არც გამომჟღავნებულიყო.

აღსანიშნავია, რომ „დელტაკომის“ წარმომადგენლები პროკურატურამ დაჰკითხა. მათ საკმაოდ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას“, – აცხადებს პროკურორი.

 საბოლოოდ აღმოჩნდა,  რომ  ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს „სილქნეტისთვის“  ჯამში 6 720 877.42 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც წინასწარ  (ავანსად) 6 480 877.42 ლარი გადაირიცხა, პროკურატურაში განმარტავენ, რომ  ამ თანხის სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტისგან“   2015 წლის  16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად,   მხოლოდ  2 618 004.82 ლარს შეადგენს.

ადვოკატები

10808292_882364011787585_896862529_nყველას გვახსოვს, როდესაც პროკურატურამ „კაბელების საქმეზე“ რამდენიმე პირს ბრალი წაუყენა, თემა ძალიან მალე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა, პირველი, ვინც საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა მოითხოვა, ეს ალასანიას უწყება იყო.  ყოფილმა მინისტრმა ღიად დაიცვა საკუთარი მაღალჩინოსნები და ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა…

მოგვიანებით,  გაირკვა, რომ ალასანიას ყოფილი მოადგილე ბატიაშვილი, რომელიც პრიკურატურამ ამ საქმეზე ასევე დაჰკითხა, „სილქნეტის“ ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავი აღმოჩნდა, ბრალდებულების  5 ადვოკატიდან  2  – ძმები სამუშიები კი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პარტიის დამფუძნებლები და წევრები.  კანონი მათ ამაში, რა თქმა უნდა, არ ზღუდავს, თუმცა, ფაქტია, საქმემ თავიდანვე პოლიტიკური ელფერი მიიღო.  ამ ყველაფერს თავდაცვის მინისტრის პოსტი შეეწირა და  საქმე პოლიტიკური განხილვის აქტიურ თემად იქცა.

საქმისთვის გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნამდე,  ბრალდებულების ადვოკატები დაჟინებით ითხოვდნენ საქმის მასალების ჯერ კიდევ იზოლატორში გაცნობას, რისი  რისი შესაძლებლობაც  პროკურატურამ  მათ არ მისცა.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება თავდაპირველად მათ კანონის შესაბამისად არ ჰქონდათ,  რადგან იქ  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვისთვის  სათანადო პირობები არ არსებობდა.  აქ იგულისხმება იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული, დაცული იზოლირებული სადგომი, დოკუმენტების შესანახად სეიფი, ან რკინის კარადა და სხვა.

ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ   30 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების განხილვამდე, გამომძიებელი ტელეფონით დაუკავშირდა ბრალდებულების ადვოკატებს, რათა მათ საშუალება მისცემოდათ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში მისულიყვნენ და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, მშვიდ ვითარებაში სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც მათ ასევე დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი.
პროკურორის თქმით,  ადვოკატებს სხვა შემთხვევებშიც არაერთხელ ჰქონდათ შანსი, საქმის მასალები შეესწავლათ, მაგრამ ამ შესაძლებლობას ჯიუტად არ იყენებდნენ.

„ადვოკატების თვალთმაქცური ქმედებები მიმართული იყო, რათა შეექმნათ ხელოვნური საფუძველი და თავი წარმოეჩინათ უფლებადარღვეულებად, რაც მათი არჩეული ტაქტიკაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის მიხედვით,  სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. სწორედ ამისკენ გვიბიძგებდნენ ადვოკატები, რადგან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, მათ შენახვის სათანადო პირობები არ ჰქონდათ, რაც ავტომატურად პროკურატურის მხრიდან კანონის დარღვევად ჩაითვლებოდა.

ადვოკატებს ჩვენ მიერ  2014 წლის 5 ნოემბერსაც  გაეგზავნათ წერილი.  მათ შევთავაზეთ  მიემართათ კონტრდაზვევრის დეპარტამენტისთვის. პროცედურების გავლისთანავე ბრალდების მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა მათთვის  საქმის მასალების სრულად გადაცემას, თუმცა  ადვოკატებმა  ეს შეთავაზებაც რეაგირების გარეშე დატოვეს.
დამატებით,  ბრალდებულებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს გაეგზავნათ წერილი და განემარტათ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში,  ნებისმიერ დროს ბრალდებულების ყოფნის ადგილას, ანუ საპატიმრო დაწესებულებაში მიეცემოდათ საშუალება, მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად სპეციალურ გამოყოფილ ოთახებში, სრულყოფილად გასცნობოდნენ საქმის მასალებს და ასევე ექნებოდათ შესაძლებლობა, გაეკეთებინათ მათთვის სასურველი ჩანაწერები,  მაგრამ მიუხედავად ბრალდების მხარის არაერთი შეთავაზებისა, არცერთ ადვოკატს არ გამოუთქვამს ამაზე თანხმობა“, – ამბობს ჯარჯი წიკლაური.

პროკურორის განმარტებით,  ბრალდებულების ადვოკატები  მაქსიმალურად ცდილობდნენ მედიის ყურადღების მიპყრობას, რათა საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ.

„გამოძიებასთან თანამშრომლობის ნაცვლად, ისინი აცხადებდნენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს, რომ დაკავებულებს ჩვენ უსაფუძვლო ბრალდება წავუყენეთ  და,  რომ ჩვენ კონკრეტული არგუმენტები არ გვქონია. ამის დასაფარად კი საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მიენიჭა. ეს სრული აბსურდია!
შეგახსენებთ, რომ  ამ საქმეს არა პროკურატურამ, არამედ თავდაცვის სამინისტრომ მიანიჭა გრიფი.  ეს მისი პრეროგატივა იყო.

როდესაც ადვოკატები აცხადებენ, რომ თითქოს  ჩვენ არ გვსურს მასალების გასაჯაროება და ჩვენ ვმალავთ რაღაცას,  ესეც სიცრუეა  და  ეს დადასტურდა ჩვენი ბოლო ქმედებით, როდესაც საქმეზე  გრიფი „საიდუმლო“ მოვხსენით’, – განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატები  განმარტავდნენ, რომ როდესაც პროკურატურამ მათ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის წერილის გაგზავნა შესთავაზა,  აქ ცალსახად აღნიშნული იყო, რომ  უწყების სახელზე წერილი იურიდიული და არაფიზიკური  პირის სახელით უნდა გაგზავნილიყო. ეს კი  მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.  ამასთან, აცხადებდნენ,  რომ  პროკურატურის მიერ გამოყოფილ ოთახებში საქმის მასალების ზეპირად გაცნობას მათი დიდი მოცულობის გამო ვერ შეძლებდნენ.

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადვოკატი, მას ტომების დაზეპირება შეუძლია. მრავალი ტომი უნდა დავიზეპიროთ, და თურმე ამ ზეპირი ინფორმაციით უნდა განვახორციელოთ დაცვა, რაც შეუძლებელია“, – აღნიშნავდა ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის წარმომადგენელი სოსო ბარათაშვილი.

„კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში  საქმის პროკურორმა ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ადვოკატები ამ შემთხვევაშიც ცრუობენ:

„რაც შეეხება ადვოკატების არგუმენტებს, თითქოს მათ იურიდილი პირის სტატუსით არ შეეძლოთ  კონტრდაზვერვისთვის მიემართათ,  ჩემი აზრით,  ეს სრული უმეცრებაა.   ადვოკატებს  განცხადება შეეძლოთ მოემზადებინათ თუნდაც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით, რომელიც თითქმის ნახევარი საქართველოს ადვოკატირებას ეწევა და  ჩვენ, პროკურატურას ხშირად გვაკრიტიკებს, ეს ორგანიზაცია ხომ იურიდიული პირია?  ამ კონკრეტული საქმის ადვოკატები მათი წევრები არიან… ასევე შეეძლოთ წერილი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სახელით მოემზადებინათ, რომელიც სრულიად საქართველოს ადვოკატებს, მათ შორის ამ პირებსაც  აერთიანებს… მაგრამ,  მათი მიზანი არ ყოფილა მტკიცებულებების გაცნობა, მათ სურდათ უფლებადარღვეულ პირებად წარმოეჩინათ თავი.

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს საქმის მასალები რამდენიმე ათეულ ტომს შეადგენს, მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების  აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, მასალები მხოლოდ სამ ტომს შეადგენდა, მოგვიანებით, კი დაემატა მტკიცებულებები და საქმე მთლიანობაში 5 ტომი გახდა.  აქ საქმე ადვოკატთა მხრიდან თემით  სპეკულაციასთან გვაქვს.  ეს ელემენტარული სიცრუეა. ჩვენ მათ მასალების გაცნობის შანსს ყოველთვის ვაძლევდით და,  ამასთან,  არ ვზღუდავდით დროში, ამის გაკეთება  24 საათის განმავლობაში შეეძლოთ, როცა მოესურვებოდათ…“, – აცხადებს  ჯარჯი წიკლაური.

რას შეეხება საქმის 7 პროცენტი, რასაც გრიფი „საიდუმლო“ არ აეხსნა?

პროკურორის ინფორმაციით,  გრიფი „საიდუმლო“  „სილქნეტთან“ გაფორმებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების შესყიდვის ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების დანართებს მოეხსნა.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწმეთა ჩვენებების განსაიდუმლოება მოხდა, რომლებიც  პირდაპირ მიუთითებენ იმ კანონდარღვევებზე, რაც ამ საიდუმლო შესყიდვის დროს დაფიქსირდა.

cms-image-000016523 რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის იმ ნაწილს, რომელიც არ განსაიდუმლოვდა, ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ეს არის ის დეტალები, რომლებიც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. ესენია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის კოორდინატები, კოორდინატების მონაცემები, ასევე საიდუმლოდ რჩება ის ტექნიკური მაჩვენებელები, რაც აღნიშნულ კაბელს გააჩნია.
“ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მხოლოდ იმიტომ მიენიჭა „საიდუმლო“ გრიფი, რომ საქმე ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვას და, შესაბამისად, ყველა დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ შესყიდვასთან, თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო“ გრიფი. შესაბამისად, პროკურატურა, რომელიც იძიებს ამ საქმეს, კანონის თანახმად, ვალდებული იყო საქმისთვის გრიფი „საიდუმლო“ მიენიჭებინა. ეს გულისხმობდა იმას, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც შეხებაში იყო ამ საიდუმლო შესყიდვასთან, გასაიდუმლოებულიყო.

დღეს მასალების დიდ ნაწილს გრიფი მოეხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იმ მოწმეთა ჩვენებები განსაიდუმლოვდა, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ იმ კანონდარღვევებზე, რაც საიდუმლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა.

აქვე მინდა განვმარტო, საქმის განსაიდუმლოება არ გულისხმობს იმას, რომ  საქმეზე წვდომა ყველა  დაინტერესებულ პირს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს ექნებათ. არსებობს პროცესუალური ვალდებულება, როდესაც  საქმეში მონაწილე იგივე ადვოკატს, ან  სხვა დაინტერესებულ პირს ავალდებულებს  საგამოძიებო ორგანო,  რომ არ გაამჟღავნოს მან  საქმის დეტალები. ამისთვის არ არის  აუცილებელი,  რომ საქმე იყოს გრიფით „საიდუმლო“.  რიგ შემთხვევებში,  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,   წესდება  შეზღუდვები.

მე შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ გავასაჯაროვეთ კონკრეტული წერილები, რაც  ამ საქმის ადვოკატებს გაეგზავნათ.  ესეც ერთგვარი ფორმაა, როდესაც მედიისთვის  მასალების ნაწილი  ხელმისაწვდომი ხდება. მაგრამ,  ამან არ უნდა ხელყოს საქმის ინტერესები…,“ – განუცხადა “კვირას“ პროკურორმა.

ცნობილია, რომ „კაბელების საქმის“ განხილვას  სასამართლო  11 დეკემბერს იწყებს, თუმცა „კვირასთან“ ინტერვიუში პროკურორმა  ვადის გადაწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

სასამართლოს პროცესების დაწყების თარიღი განსაზღვრულია დეკემბერში,  თუმცა, კანონის თანახმად,  თუკი გამოძიება  ვერ მოესწრო, შესაძლოა ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართოს და 2 თვით კვლავ გააგრძელოს ვადა გამოძიებისთვის.  არ გამოვრიცხავ, რომ საქმეში თავდაცვის სამინისტროს სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს, რის შესახებაც პროკურატურამ ადრეც, არაერთხელ განაცხადა.

რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსის და ექსპერტის  განცხადებებს, თითქოს  პროექტმა აზრი დაკარგა  და ეს წყალში ჩაყრილი სამუშაოა, მიმაჩნია, რომ  ამაში პროკურატურის დადანაშაულება  არასწორია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძირითადი ინფორმაცია, რაც  სახელმწიფოსა და თავდაცვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და რასაც გრიფი არ მოეხსნა,  საიდუმლოდ რჩება“, – განმარტა პროკურორმა „კვირასთან“.

ქეთი ხოსიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები