გამოფენა „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“ გაიხსნება
დღეს გამოფენა „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება. გამოფენის მიზანი 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებისა და მათ მიერ ქართულ მხატვრობაში მოხდენილი რეფორმის შესაბამის კონტექსტში ჩვენებაა.
ექსპოზიციაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 50-იანელთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ავტორთა მიერ სხვადასხვა წლებში ილუსტრირებული წიგნები იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელი აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული არქივებიდან საინფორმაციო მასალას გაეცნობა.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები იხილოს, როგორიც არიან: ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, დიმიტრი ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი, გურამ ქუთათელაძე, ლეოპოლდ ძაძამიძე, რევაზ თარხან-მოურავი, ლევან ცუცქირიძე, ჟანგო მეძმარიაშვილი, მიხეილ ხვიტია, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, დიმიტრი ხახუტაშვილი, გოგი ოჩიაური, ავთო ვარაზი, ვალენტინ შერპილოვი, ზურაბ ლეჟავა, უჩა ჯაფარიძე, თამარ აბაკელია, კორნელი სანაძე, რობერტ სტურუა, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.
გამოფენის ფარგლებში სალექციო კურსი თემებზე: 50-იანელთა მხატვრული რეფორმა, ტოტალიტარიზმი და სახვითი ხელოვნება, საბჭოთა მხატვრული კრიტიკის თავისებურებები ჩატარდება. ასევე, შეხვედრები მხატვრებთან, ლევან ცუცქირიძესთან, ზურაბ ნიჟარაძესთან, დიმიტრი ერისთავთან და ჯიბსონ ხუნდაძესთან მოეწყობა.