ირმა ტაველიძის ლექცია გაიმართება
25 ნოემბერს წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ ირმა ტაველიძე წაიკითხავს ლექციას ჯულიან ბარნსის შესახებ. ირმა ტაველიძე არის მწერალი და მთარგმნელი. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“, „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე – ქეთი ქანთარიასთან ერთად – პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს „აქ და ახლა“; არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: „ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“.
ლექციის თემა: ფრანკოფილის ვნებანი: ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“.
მეტაფიქციური ნარატივი. სიცხადე და მისტიფიკაცია – მხატვრული და დოკუმენტური პროზის ზღვარზე. წიგნის სტრუქტურა; გუსტავ ფლობერი, როგორც რომანის ცენტრალური ფიგურა. სამი ნარატივი და ნარატორი, რომელიც ავტორის ალტერ ეგოს არ წარმოადგენს. პერსონაჟების მოგზაურობა: „მადამ ბოვარის“ პერსონაჟები ჯულიან ბარნსის წიგნში; ავტორის ცხოვრება და ბიოგრაფების ინტერპრეტაცია. ლიტერატურული კრიტიკის თემა. ისტორიული სიმართლის ძიებისას განცდილი მარცხი; ობსესია ლიტერატურულ ტექსტში. ლიტერატურით შეპყრობილთა თავშექცევა. ფრანკოფილი მწერლის მოგზაურობა დროსა და სივრცეში; თუთიყუშის გამოცანა. ლექცია რიგით მეოთხეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.