თბილისის წიგნის დღეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში „თბილისის წიგნის დღეებთან“ დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება. მედიასთან შეხვედრას დაესწრებიან: გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი.
27 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის ახალი ფესტივალი და ბაზრობა – „თბილისის წიგნის დღეები“ იხსნება, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება და მოიცავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემოქმედებით მიმართულებებს. ფესტივალი, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ ყველა პავილიონში გაიშლება, გვთავაზობს: დისკუსიებს წიგნისა და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების შესახებ; წიგნის ხელოვნების და უნიკალურ გამოცემათა ქართულ და საერთაშორისო გამოფენებს; წიგნის ხელოვნებასთან დაკავშირებულ ვორქშოპებს; საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს მოზარდებისთვის; ლექციებს წიგნისა და ლიტერატურის მსოფლიოს დიდი ფესტივალების შესახებ; ქართულ გამომცემლობათა წიგნის ბაზრობას.
ფესტივალი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, „წიგნის ხელოვნების ცენტრი“ და „ექსპო ჯორჯიას“ ერთობლივი პროექტია, რომლის მხარდაჭერებიც არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; ირანის საელჩო საქართველოში; გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამა.
„თბილისის წიგნის დღეების“ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიების სერიით, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – მსოფლიოს დიდი და ცნობილი წიგნის ფესტივალების ხელმძღვანელები, კურატორები, ცნობილი გამომცემლები და ილუსტრატორები. აღნიშნული დისკუსიები შეეხება ქართულ საგამომცემლო საქმიანობის მომავალს, პერსპექტივებს, სტრატეგიას, საგამომცემლო საქმის და ლიტერატურის განვითარების, მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებს. აღნიშნული დისკუსიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ყოველი სტუმარი შეძლებს სასურველი წიგნის ყიდვას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ღონისძიების ძირითად ამოცანას გაერთიანებული პლატფორმის შექმნის გზით საქართველოში არსებული გამომცემლების მხარდაჭერა წარმოადგენს. წიგნების გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი გამომცემლობები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს წარმოდგენილი პროდუქციის ფართო სპექტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები