„ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობია, მოსმენების ერთი გასაღები შსს-ს ჰქონდეს“

  „მოსმენებთან დაკავშირებით ორი გასაღები უნდა არსებობდეს, რომ ეს არ გახდეს უკონტროლო, თუმცა ამ ორიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
რაც შეეხება მეორე გასაღებს, დეპუტატის მოსაზრებით, წარმოდგენილი ვარიანტებიდან ნაკლებად ცუდი უნდა დარჩეს, რაც ამ შემთხვევაში ალბათ ის იქნება, რომ მეორე გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტო პოლიცია არ არის, იქ შედის უშიშროების სამსახურიც, რომელიც მეთვალყურეობას და მოსმენას აწარმოებს ათას აგენტურაზე. ქვეყნის უსაფრთხოებისა და ოპერატიული თვალსაზრისით აუცილებელია, რომ ერთი გასაღები შსს-ს ხელში იყოს. მე მირჩევნია მეორე გასაღები კომუნიკაციების კომისიას არ ჰქონდეს. ის კოლეგიალური ორგანოა და იქიდან ყველა ინფორმაცია „გაბაზრდება“. ამ წარმოდგენილი ვარიანტიდან მეორე გასაღები შედარებით უკეთესია პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მოსმენების კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობის და მასზე ვეტოს დადების გამო დეპუტატმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ძალიან უცნაურია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარდა, რადგან ევროპის შესაბამისი უწყებები აღნიშნული საკითხის ზოგად პრინციპებზე დეკემბერში იმსჯელებენ და საჭირო იყო, ამას საქართველოც დალოდებოდა.
„ პრეზიდენტის მხრიდან ძალიან უცნაური იყო ვეტოს დადების ფაქტი. ვეტო დაიდო იმის გამო, რომ ჩვენ 6 თვით ვაპირებდით ამ საკითხის გადაწევას. გვინდოდა, 6 თვის განმავლობაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაგვევლო. რაც მთავარია, ევროკავშირის ეგიდით დეკემბერში იმართება ამდაგვარი სტრუქტურების შეხვედრა, სადაც საბოლოო მოსმენების ზოგად პრინციპებთან მიმართებაში გადაწყვეტილებაც მიიღება. უცნაური იყო ამ ვადის არ მიცემა პრეზიდენტის მხრიდან. როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ, ახლა ამის ცვლილება ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს, იმიტომ რომ ეს იყო სისულელე“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები