ეკა ბესელია ემზარ კვიციანის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ემზარ კვიციანის ნათესავების იმ ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბესელიამ ამნისტირებულ პატიმართა სიიდან კვიციანი რამდენჯერმე ამოიღო.
როგორც ეკა ბესელიამ თემაზე კომენტირებისას განაცხადა, როდესაც კომისია პარლამენტში პოლიტპატიმრების საქმეებზე მუშაობდა, კვიციანის წარმომადგენლებს  დადგენილ ვადაში მასალებიარ შეუტანიათ, შესაბამისად, ის ვერ მოხვდებოდა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში და ვერც ვერავინ ამოიღებდა მას ამ სიიდან.
“როდესაც კომისია პარლამენტში მუშაობდა პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების საქმეებზე, 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ამ ვადაში მის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შემოტანილი მასალები. კვიციანთან დაკავშირებით განცხადება და მასალები მანდატის დასრულების შემდეგ შემოვიდა, ანუ როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა. შესაბამისად, ის სიაში ვერ მოხვდებოდა და ვერც ვერავინ ვერ ამოიღებდა სიიდან,” – აღნიშნა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც სპეციალურად შექმნილი კომისიის მუშაობის ვადა ამოიწურა, კომისიამ გააგრძელა იმ განცხადებებზე მუშაობა, რომლებიც ვადის ამოწურვის შემდეგ შევიდა პარლამენტში, მათ შორის ემზარ კვიციანის საქმეზეც.
“ჩვენ გავაგზავნეთ მთავარ პროკურორთან თებერვლის თვეში 31 საქმე, მათ შორის იყო ემზარ კვიციანის საქმეც, სადაც მივუთითეთ, რომ ამ საქმეებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური მოტივი, იყო პროცესუალური დარღვევები, რომლებიც წინა პერიოდში იყო ჩადენილი და საჭირო იყო ამ ფაქტების გადამოწმება და სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება,” – ამბობს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები