“თბილისის მერიას „სამეფო სახლისთვის“ მიწის ნაკვეთი არ გადაუცია”
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს თბილისის მერიამ ე.წ. სამეფო ოჯახს მიწის ნაკვეთი გამოუყო, რომელზეც ბაგრატიონების სასახლე უნდა აშენდეს, თბილისის მერიაში უარყოფენ. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამგვარი ინტერპრეტაციები და, ზოგადად, ზედმეტი აჟიოტაჟი ანა ბაგრატიონის თბილისის მერთან შეხვედრას მოჰყვა.
“ შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა, ანა ბაგრატიონმა და მისმა თანმხლებმა პირებმა წარმოადგინეს პროექტი ტაბახმელაში „აფხაზური ოდის“ აშენების შესახებ და ითხოვეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა, ტაბახმელაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიას არც „აფხაზური ოდის“ და არც სამეფო სასახლის ასაშენებლად არავისთვის – არც იურიდიული და არც კერძო პირისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გამოუყვია. მივმართავთ მედიასაშუალებებს, ნუ გაავრცელებენ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ყველა ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაამოწმონ“, -აღნიშნულია განცხადებაში.