ჯეიმს აპატურაი: გვსურს, პრემიერისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურება

ნატოს არ აქვს ბევრი ეჭვი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ ღარიბაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის ერთგულების დადასტურება, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
აპატურაის თქმით, ქართული საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან პირდაპირი კავშირის მქონე მინისტრების გათავისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა.
თუმცა მისივე თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ კითხვები სერიოზულია, რადგან ნატოში კარგად იციან, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართული საზოგადოების არჩევანია.
“დღეს ჩვენ ველით მკაფიო დადასტურებას, რომ საქართველოს მისწრაფება არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საგარეო კურსი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ეს არის პირველი, რისი გაგებაც სურს ნატოს გენერალურ მდივანს და მე იმედი მაქვს, რომ პრემიერის და ახალი მინისტრების მხრიდან ამის დადასტურებას მოვისმენთ. ვფიქრობ, არ იქნება გასაკვირი ქართული საზოგადოებისთვის, რომ ბოლო მოვლენებმა, იმ მინისტრების ცვლილებამ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირში იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, გააჩინა გარკვეული კითხვები წევრ სახელმწიფოებში. არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვები სერიოზულია, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართული საზოგადოების არჩევანია. ნატოში საქართველოს ელჩმა მე მაშინვე მითხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქართულ საზოგადოებას ქვეყნის ეროატლანტიკური ინტეგრაცია სურსო. მე ვნახე თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი ნატოს დიდი დროშებით, რომლებიც, ძირითადად, იმის გამო შეკრიბნენ, რომ სურთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ასევე, მათი სურვილია, ქვეყანამ იაროს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები