კულტურის მინისტრმა იკომოსისა და იკრომის ექსპერტებს უმასპინძლა

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა იკომოსისა და იკრომის ექსპერტებს ჯოზეფ კინგსა და ალკივიადეს პრეპისის უმასპინძლეს.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი მცხეთის ისტორიული ქალაქის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლის სტატუსს შეეხო. უცხოელმა ექსპერტებმა 2014 წლის ზაფხულში, დოჰაში, მსოფლიო მემკვიდრეობის 38-ე კომიტეტის დადგენილების თანახმად, 11-15 ნოემბერს იუნესკოში დაცული მცხეთის ისტორიული ძეგლების მონიტორინგი უნდა განახორციელონ.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ექსპერტები მცხეთის ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ და ადგილზე უშუალოდ გაეცნობიან ქალაქის განვითარების ტენდენციებს.
იკომოსისა და იკრომის ექსპერტების ჯოზეფ კინგისა და ალკივიადეს პრეპისის საქართველოში მისიის შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი მოამზადებს ანგარიშს, რომლის საფუძველზეც, 2015 წლის ივნისში, ბონში (გერმანია) დაგეგმილ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სხდომაზე, კიდევ ერთხელ იქნება განხილული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ქალაქის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლის სტატუსის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები