დავით უსუფაშვილი: ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავკარგოთ ერთმანეთი
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავკარგოთ ერთმანეთი, როდესაც აზრები არ დაემთხვევა ერთმანეთს, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე შეკრებილებს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ არსებულ, მიმდინარე პროცესებში სწორად გავლა.
“ორი წლის განმავლობაში არ ვიშურებდით ძალ-ღონეს, რომ ოქტომბრის მონაპოვარი განგვემტკიცებინა. ვიმედოვნებ, რომ თქვენი შემდგომი საქმიანობა იქნება ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს საკეთილდღეოდ. მოხარული ვარ, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მიწევს მუშაობა იმ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილი არიან “თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც ამჟამად ფრაქცის სახელის შეცვლას აპირებენ, ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, იმ საქმის საკეთებლად, რის გამოც ერთად დავდეგით ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ქართულ ოცნებაში”, იმ წარმატებით და შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. პოლიტიკური ცხოვრება არც ერთ ქვეყანაში არ არის მოცემულობა, კონსტანტა. ხდება მოვლენები ძალიან სასურველი ან არასასურველი, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამ პროცესებში სწორად გავლა, გამკლავება. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავკარგოთ ერთმანეთი, როდესაც აზრები არ დაემთხვევა ერთმანეთს. ყოველთვის გვახსოვდეს – ჩვენი ხატია სამშობლო. სამშობლოს სადიდებლად უნდა მოვახერხოთ ყველა იმ ემოციური და სხვა საკითხების მოგვარება და დავუქვემდებაროთ საღ აზრს და საღ გონებას. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება პარლამენტში ჩვენი ურთიერთობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.