„ არ გამოვრიცხავ რომ მეორე ძალა რომელიც კოალიციიდან გავა „რესპუბლიკელები“ აღმოჩნდნენ“
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელმა, ექსპერტმა ზურაბ ბიგვავამ, ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლის ფაქტი შეაფასა და მმართველი კოალიციის შესაძლო დაშლაზე ისაუბრა.
როგორც ბიგვავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიციის მიზანი რეალიზებულია და განსაკუთრებული არაფერი მოხდება იმით თუ კოალიცია დაიშლება.
ექსპერტმა დადებითად შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციაში დარჩენის ფაქტი, თუმცა მომავალში მათი კოალიციიდან გასვლა და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანება არ გამორიცხა.
„ კოალიცია არის მრავალ სახიანი პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ისინი თავიდანვე იყვნენ განსხვავებულები, მაგრამ გაერთიანდნენ ერთი მიზნის გარშემო. გაერთიანებამ მიზანს ეფექტურად მიაღწია. განსაკუთრებული არაფერია იმაში რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს და სხვა კონფიგურაციები შეიქმნას. არ გამოვრიცხავ რომ მეორე ძალა რომელიც კოალიციიდან გავა „რესპუბლიკელები“ აღმოჩნდნენ, შესაძლოა ისინი „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდნენ. „რესპუბლიკელებს“ აქვთ თავიანთი პროგრამა თუ როგორი უნდა იყოს ამ ეტაპზე კოალიცია, შეთანხმდებიან თუ არა ისინი „ქართულ ოცნებასთან“ და მის ლიდერებთან ეს მეორე საკითხია. ამ პარტიას კომპრომისული გადაწყვეტილებების დიდი უნარი აქვთ, მათ რომ ახლა დემარში არ განახორციელეს და არ მიიღეს გასვლის გადაწყვეტილება ეს დადებითი მოვლენაა, დადეთია ის ფაქტიც რომ ალასანიას პარტია ოპოზიციაში იქნება“- განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.