„თუ ალასანიას ოპოზიციაში გადასვლა პოლიტიკური თამაშია, მიზანი 100% ით მიღწეულია“
„თუ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლა მიზანმიმართულად და ვინმეს მხრიდან დაგეგმილად მოხდა რომ ამ გზით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დარტყმა მიეყენებინათ, მაშინ ეს ძალიან ჭკვიანი კაცის ნიჭიერი თამაშია“- აღნიშნული განცხადება საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელმა, ექსპერტმა ზურაბ ბიგვავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბიგვავას განმარტებით, ამ დრომდე ქვეყანაში მთავარი პროდასავლური პარტიის ნიშას „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციურ ასპარეზზე „თავისუფალი დემოკრატები“ გამოჩნდნენ მათ ამით საფრთხე მიადგათ.
ექსპერტი არ გამორიცხავს რომ ალასანიას და მისი გუნდის ოპოზიციაში გადაბარგება პოლიტიკური სვლა და ძალზედ ნიჭიერი ადამიანის თამაში იყოს.
„ თუკი ეს თამაშია და ალასანიას პარტიისგან მიზანმიმართულად შექმნეს ოპოზიცია რომ ამით პოლიტიკური სცენიდან „ნაციონალურ მოძრაობის“ დასუსტება მომხდარიყო, მაშინ ეს ძალიან ნიჭიერი თამაშია. შედეგი არის თითქმის 100 % იანი. ეს ისე კარგად არის გაკეთებული, თუკი ამას ივანიშვილი აკეთებს, აფერუმ მის პროფესიონალიზმს. იმ სიტუაციაში რაც დღეს არის მოცემული, რეალურად ნაციონალებს მიადგათ ძალიან დიდი საფრთხე. როგორც პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ის პროდასავლური ნიშა რომელსაც ისინი იკავებდნენ, ძალიან სწრაფად კარგავენ იმ მხარდამჭერებიდან რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დღესაც ჰყავს, ორთოდოქსული მხარდამჭერი არის 5 % დან მაქსიმუმ 8 %- მდე. დანარჩენი მხარდამჭერები „ნაციონალებს“ მხარს უჭერენ იმის გამო რომ პროდასავლური ორიენტაციის ლიდერები ჰგონიათ, ეს ხალხი ძალიან მარტივად გადაინაცვლებს მეორე ოპოზიციურ ძალასთან, როგორიც იქნება ირაკლი ალასანია და მისი გუნდი. თუკი ვინმემ ეს ხელოვნური ჩარევით განახორციელა, დარწმუნებული ვარ რომ მაშინ ეს ძალიან ჭკვიანი და მცოდნე კაცია“ – განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.