„ გამოძიება მინისტრს არ უნდა უთახმებდეს ძიების რომელ ეტაპზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს“
ექსპერტი და უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და თანამდებობის პირები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პროკურატურის ქმედებების პოლიტიზებაში დაადანაშაულა.
ხორგუანის განცხადებით, გამოძიება არ უნდა უთახმებდეს მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ძიების რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე.
„ მიმაჩნია რომ ერთ-ერთი სწორი რეფორმა იყო ის, როდესაც იუსტიციის მინისტრი გამოძიებაზე პირდაპირი ზედამხედველობისგან გათავისუფლდა. თუ გვინდა ოდესმე მივიდეთ გამოძიების ისეთ სახელმწიფომდე სადაც გამოძიებას არანაირი შეხება არ ექნება პოლიტიკურ პროცესებთან ეს დღეს უნდა დავიწყოთ. რთულია მაგრამ ეს არის ყველაზე სწორი. გამოძიება არ უნდა უთახმებდეს მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ძიების რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე. ადამიანები რომლებიც ასეთ შეფასებებს აკეთებენ და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არ ფიქრობენ სახელმწიფოებრივად. ზოგ პოლიტიკოსს აქვს თავიანთი მერკანტილური შეხედულებები და მიზნები. არავითარ შემთხევევაში არ უნდა მოხდეს პროკურატურის პოლიტიზირება. ჩვენი სასამართლო დღეს გაცილებით დამოუკიდებელია ვიდრე ერთი ან ორი წლის წინ, მოდით მივცეთ სასამართლოს საშუალება რომ სწორედ მან გადაწყვიტოს საქმე არის თუ არა პოლიტიკური“- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მხრიდან მწვავე განცხადება მოჰყვა, სადაც მან პროკურატურა სამინისტროს და პირადად მის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა. განცხადების გაკეთების შემდეგ ალასანია პრემიერ-მინისტრმა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც ალასანიას პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვა.