„7 ნოემბერი სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო“

  „ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, გამოხატული მათ მიმართ ვინც არ ეთანხმებოდა და არ იზიარებდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობას“- ასე შეაფასა 2007 წლის 7 ნოემბერი სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ის რაც ყოფილმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის მიმართ 7 ნოემბერს ჩაიდინა, არცერთ სამართლებრივ ჩარჩოში არ ხდება.
„ 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ანგარიშწორება ოპონენტების მიმართ. პოლიციის შესახებ კანონი დეტალურად არეგულირებს იმას თუ რა შემთხვევაში და რა დოზით შეუძლია პოლიციას ძალის გამოყენება. ის რაც იმ დღეს მოხდა ეს არცერთ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ქუჩაში გამოხატულ ძალადობას მოჰყვა ასევე დამოუკიდებელ მედიაში უკანონო შეჭრა და დარბევა“- განაცხადა ხორგუანმა.
სოფო ხორგუანმა კომენტარი ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზეც გააკეთა. მისი თქმით. ეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქციაა, რომელზეც პარტიის ელექტორატი მივა.
„15 ნოემბრის აქციიდან განსაკუთრებულს არაფერს ველი და არც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას. ეს დემოკრატიული ქვეყანაა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. თუ კანონის ფარგლებშია მოქცეული რომელიმე ჯგუფის პროტესტი, მაშინ თავისუფლად შეუძლია ამის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს. ეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქციაა, რომელზეც პარტიის ელექტორატი მივა“- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.
„ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ მოძრაობას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით“, -აღნიშნავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები